მთავარი,სიახლეები

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

21.06.2017 • 3729
მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა:

„თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“.

„ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილს 9-ის ნაცვლად 6 იკავებს. სამმა მათგანმა წერილობით აცნობა სასამართლოს, რომ სხდომაზე დასწრების სურვილი არ აქვს.

„იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?“ – იკითხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა და მას შემდეგ, როცა პასუხის გამცემი დარბაზში არავინ აღმოჩნდა, დაამატა:

„თუკი პრეტენზია გაქვთ გამოძიებასთან, იქნებ შესაბამისი ადრესატი მოძებნოთ. ბრალდებულების უფლებები ამ დარბაზში განუხრელად იქნება დაცული და არანაირ ხელშეშლას არ დავუშვებ“.

შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულებს გახედა და უთხრა: „თუკი ვინმე არის მოწოდებული თქვენი უფლებების დასაცავად, ეს ვარ მე“.

სასამართლო დღევანდელ სხდომაზე იმ გამომძიებლების ჩვენებებს ისმენს, რომლებსაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები აქვთ ჩატარებული „ბათუმის აქციის საქმეზე“.

საპროტესტო აქცია გრძელდება სასამართლოს შენობასთან. „გამოუშვით“ – ქციის მონაწილეების ეს შეძახილი ხშირად ფარავს მოწმე გამომძიებლების ხმას სასამართლო დარბაზში.

IMG_20170621_130222

 

IMG_20170621_130850

IMG_20170621_130556

გადაბეჭდვის წესი


ასევე: