მთავარი,სიახლეები

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

21.06.2017 • 2491
ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივს“ ეკუთვნოდა. 2004 წელს კოოპერატივის ხელმძღვანელობამ ქონების ნაწილი იჯარით ჩაქვში მცხოვრებ მერაბ მ.-ს გადასცა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული იჯარის თანხას თვეში 50 ლარს იხდიდა. მერაბ მ.-მ იმ დროისთვის სანტექნიკის და საღებავების მაღაზია ბათუმში გახსნა, ხოლო კოოპერატივის კუთვნილ შენობას იგი საღებავების საწყობად იყენებდა.

2007 წელს, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, ჩაქვის კოოპერატივის ქონება აღწერა და იგი სრულად სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა. კოოპერატივმა საქმიანობა განაგრძო, თუმცა მას ქონება აღარ გააჩნდა. შენობას ისევ იყენებდა მერაბ მ., რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ არავითარი იჯარის ხელშეკრულება არ არსებობდა და მას ეს ტერიტორია თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

„მე მოვითხოვე საკუთრების რეგისტრაცია იმიტომ, რომ თვითნებურად დაკავებული მქონდა ეს ადგილი. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ვისაც 2007 წლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული სახელმწიფო ქონება, მას საკუთრებას ურეგისტრირებდნენ. მე არც ქობულეთის კომისია მომიტყუებია,“ – უთხრა მერაბ მ.-მ „ბათუმელებს“.

ნახევარი ჰექტარი მიწის დასაკუთრების მოთხოვნით, ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიას მერაბ მ.-მ 2013 წელს მიმართა. მან ჩაქვის რწმუნებულის ცნობაც წარადგინა და ორი მოწმეც იპოვა, რომლებმაც კომისიას დაუდასტურეს, რომ მერაბ მ. 1994 წლიდან ფლობდა ნახევარ ჰექტარ მიწას და მასზე განლაგებულ შენობას ზღვის პირას.

ამ საკითხზე ქობულეთის კომისიას 4 სხდომა გაუმართავს და ადგილიც დაუთვალიერებია. წლის ბოლოს კომისიამ ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის მერაბ მ.-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დოკუმენტს.

„საქმეზე ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ ეს იყო სახელმწიფო საკუთრება და მოქალაქეს ამ შემთხვევაში არ უნდა მიემართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის. მას შეეძლო პირდაპირ რეესტრში მისულიყო, თუკი საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა,“ – აღშნიშნა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ დასკვნით სიტყვაში.

ბრალდებულის დასკვნით სიტყვას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ სხდომაზე მოისმენს. მანამდე ბრალდებულმა გვითხრა ისიც, რომ 2013 წელს ქობულეთის საკუთრების კომისიას მან რეესტრის ამონაწერიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მიწა ზღვის პირას სახელმწიფოს საკუთრება არ იყო და იგი აჭარას ეკუთვნოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: