სიახლეები

რა ხდება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

02.09.2014 • 2290
რა ხდება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

 

ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „ბათუმელებმა“ დაითანხმა იმაზე, რომ თავისი პრობლემის შესახებ დეტალურად ესაუბრა. მის ვინაობას მისივე თხოვნითა და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ. გიორგი (სახელი პირობითია) თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე დადიოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდში კი, მას მეზობელ ქვეყანაში გადასვლის უფლება ქართველმა მებაჟეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აუკრძალეს.

 

მერე იყო ის, რომ, როგორც გიორგი ამბობს, შეხვდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სიტყვა „ჯაშუში“ უხსენეს. ქვეყნის უსაფრთხოებაზე მზრუნველებს არც ის დავიწყებიათ, რომ მოქალაქისთვის სიფრთხილისკენ მოეწოდებინათ და მათ სასარგებლოდ მუშაობაზეც მიანიშნეს: „უშიშროების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საეჭვო ფაქტია ის, რომ ქვეყანას თითქმის ყოველდღე ვტოვებ და იქ თურქებთან ვმუშაობ… მიხსენეს ინფორმაციის გატანა, თანამშრომლობა, სიტყვა ჯაშუშობა… რა თქმა უნდა, მეშინია და ამაზე საჯაროდ საუბარს ვერიდები… მე იქ ვმუშაობ, მაგრამ არც საქართველოსა და არც თურქეთის კანონმდებლობას არ ვარღვევ. ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას ვეწევი. თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ, ვერ ვხდები, რატომ უნდა მაფრთხილებდნენ ასე კონფიდენციალურად და მეზღუდებოდეს გადაადგილების უფლება, მაშინ როცა მეზობელ ქვეყანაში სიარულით მე ოჯახს ვარჩენ“.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი “კონფიდენციალური შეხვედრები” აწუხებს. ასევე “ბათუმელების” ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველ მებაჟეებს კონტდრაზვერვის თანამშრომლების მიერ მიწოდებული სია აქვთ, ამ სიაში მყოფ ადამიანებს ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, თუმცა უარის თქმის მიზეზს მებაჟეები მოქალაქეებს არ უხსნიან. მათთან ამ მიზნით შეხვედრებს კონტრდაზვერვის თანამშრომლები იწყებენ, სწორედ ამ შეხვედრებზე ახსენებენ ყველაზე ხშირად სიტყვა “ჯაშუშს”.
ის, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას – გადაადგილებას უზღუდავენ, უკვე იციან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. მსგავსი ტენდენიცა რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. რამდენიმე მოქალაქემ სახალხო დამცველის უწყებას დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა.

 

„გთხოვთ აგვიხსნათ, რატომ არ გვაქვს საზღვრის დატოვების უფლება“, _ ამ შინაარსის წერილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლის რჩევითა და ინიციატივით მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გაუგზავნეს. შეკითხვაზე პასუხი თითქმის ყველა წერილის ავტორმა მიიღო _ ადრესატი, ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს წერს, რომ აქვთ საზღვრის გადაკვეთის უფლება და შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება.
სწორედ ამ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ქართველმა მებაჟეებმა საზღვარზე უკვე გაატარეს ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ აძლევდნენ ამის უფლებას.

 

თუმცა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სახალხო დამცველისთვის მიუმართავთ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუგზავნიათ წერილი თავიანთი უფლებების დასაცავად. მათ, უბრალოდ, ამის გაკეთების ეშინიათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დიდი ხნით აყოვნებენ და ყოველ ჯერზე მონაცემთა ბაზაში საგანგებოდ ამოწმებენ, საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც თურქეთიდან ოჯახის წევრისთვის საჭირო მედიკამენტი გადმოაქვს, წამალი ბათუმში არ იყიდება. მოქალაქეს აქვს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ სახალო დამცველის აპარატში მოქალაქეების მომართვიანობა ამ პრობლემით იანვრიდან დაიწყო: “ადამიანებს საზღვრის დატოვებას მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უკრძალავენ მას შემდეგ, რაც სოჭის ოლიმპიადა ჩატარდა (სოჭის ოლიმპიადის სამზადისის დროს საქართველო-რუსეთს შორის შედგა არაფორმალური შეთანხმება. ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს საზღვრებზე რუსეთისთვის საეჭვო პირების გადაადგილებას შეზღუდავდა. _ავტ.) ამ დროისთვის დაახლოებით ათი განცხადებაა ჩვენს ოფისში შემოსული. განცხადებებში ადამიანები წერენ, რომ მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება ან დიდხანს აყოვნებენ საქართველოს საზღვარზე“.

 

მომავალ კვირას საქართველოს სახალხო დამცველი ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. მანამდე კი ომბუდსმენის წარმომადგენლები ყველა იმ ადამიანთან აპირებენ შეხვედრას, ვისაც ქვეყნიდან გასვლას უკრძალავენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ აკრძალვის არსსა და მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

რიგები სარფის საბაჟოზე. {ედო კოჩალიძის ფოტო}

გადაბეჭდვის წესი