დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მიმართ უკვე დაანონსებული იმპიჩმენტის პროცედურაზეც ისაუბრეს.
უმაღლესი საბჭოს წევრის ალეკო ჩიტიშვილის განმარტებით ეს იყო ფრაქციის რიგითი შეხვედრა პარტიის ლიდერთან და ბოლო დროს აჭარაში სამთავრობო სტრუტურებს შორის დაპირისპირებას არ უკავშირდებოდა. თუმცა ჩიტიშვილი არ უარყოფს, რომ საუბარი იმპიჩმენტის თემასაც შეეხო.
კითხვაზე როგორია პრემიერის დამოკიდებულება იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით? – ჩიტიშვილმა უპასუხა, რომ „პრემიერის რეაქცია იყო არაერთგვაროვანი.“
„ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ, პირადად მე ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. “
გაითვალისწინებს თუ არა პრემიერის რჩევას ალეკო ჩიტიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს მისივე თქმით ფრაქციის სხდომის შემდეგ გამოჩნდება.
„ სხდომის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.“ – უთხრა ალეკო ჩიტიშვილმა „ბათუმელებს“.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.