Batumelebi | ვის ანდო ბათუმის არქიტექტურა გიორგი ერმაკოვმა ვის ანდო ბათუმის არქიტექტურა გიორგი ერმაკოვმა – Batumelebi
RU | GE  

ვის ანდო ბათუმის არქიტექტურა გიორგი ერმაკოვმა

 

დიდი საკადრო გადაადგილებების შემდეგ ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფრიოსის თანამდებობა ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა ირაკლი ახალაძეს ჩააბარა. მერიის ახალი საშტატო განრიგის მიხედვით მას დაექვემდებარება ბათუმის მთავარი არქიტექტორიც. ვინ არის ირაკლი ახალაძე, რა გამოცდილება აქვს და როგორ ხედავს ბათუმის  არქიტექტურულ განვითარებას მომავალში? – მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ირაკლი ახლაძე

ბატონო ირაკლი, სამსახურის უფროსად დანიშვნამდე სად მუშაობდით?

დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ თანამშრომელი ვიყავი, კონკრეტულად კი რემონტების კოორდინატორი. კერძო სექტორს თავისი ხიბლი აქვს, საჯარო სამსახურს კიდევ თავისი. მთავარია, სამშობლოს სიყვარული. მე საჯარო სამსახურშიც მაქვს ნამუშევარი, ადრე ამ სამსახურის თანამშრომელიც ვიყავი.

გიორგი ერმაკოვს იცნობდით და შეთავაზებაც მისგან მიიღეთ?

ბათუმი პატარაა და ალბათ ვინმეს რჩევაც იყო, მეც ვიცნობდი. მას 2010 წლიდან ვიცნობ.

რა გეგმები გაქვთ, გაყვებით უკვე შემუშავებული სტრატეგიას თუ არის რაიმე, რისი შეცვლაც გინდათ?

რა თქმა უნდა,  გვაქვს ამბიცია, თუ გვიყვარს უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. არის უბნები, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიო არ დატყობია. ამ უბნებში არ შესულა თანამდეროვე არქიტექტურის ელემენტები. არის ჩემი ბავშვობის დროინდელი – ოთხმოციანი წლების ინფრატრუქტურა. უნდა დაველაპარაკოთ დეველოპერებს და მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს პირობები ისე, რომ ქალაქის იერსახეზე ეს დადებითად აისახოს. როცა ორი მხარის სურვილები ემთხვევა, ეს იდალური შემთხვევაა.

რაც შეეხება იმ უბნებს, რომლებსაც „ახალი სიო“ შეეტყო, როგორ აფასებთ ახალ პროექტებს?

 მე არა ვარ არქიტექტორი, მშენებელი ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი შეხედულებები. არქიტექტურა გემოვნების საკითხია. ეს არის გემოვნების კატეგორია, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ, მაგრამ სიმბოლო გახდა, თავისუფლების ქანდაკებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. მთავარია, ჩვენ რასაც დავტოვებთ იყოს მოსაწონი.  იდეალური ზეციურია ალბათ ყველაფერი. ვეცდებით, რომ გემოვნებით  გამოგვივიდეს.

ბევრი აკრიტიკებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, ასევე ყოფილი ბანკის შენობას, რომელიც გადაკეთდა. თქვენ მოგწონთ ეს პროექტები?

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც ძეგლია. მე მგონია, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე ისეთი გადმოსული შენობა ჩემთვის არ არის მისაღები. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კონტრასტული შენობა ბულვარში. ისე კი შორიდან მიმზიდველი და აღქმადი შენობაა და აქცენტს აკეთებს, მაგრამ ფუნქციურ დანიშნულებასაც მნიშვნელობა აქვს.  თვითონ შენობა არქიტექტურულად ნორმალურია. ოღონდ შეიძლებოდა ის ყოფილიყო სხვა ტერიტორიაზე.

ბულვარში მშენებლობებზე თქვენი პოზიცია როგორია?

ბულვარი ძეგლია, ამიტომ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ნებართვის გაცემის პრეროგატივაც მათ ფუნქციებშია. თუ ძეგლია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას. ბულვარში მშენებლობები ჩემთვის მიუღებელია.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ცოტა ხნის წინ ედავებოდა არასამთავრობო სეტორი მერიას ერთ-ერთ ძეგლთან დაკავშირებით, რომელზე დაშენებითაც ინვესტორი იყო დაინტერესებული. თქვენი მოსაზრება როგორია, ისინი უნდა შევინარჩუნოთ თუ არა იმ სახით, რა სახითაც ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს?

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძეგლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეროგატივა.

თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს…

ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ თვითმმართველობა ამაში ვერ ჩაერევა.

თქვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი რა იქნება?

მერმაც ისაუბრა იმაზე, რომ მთავრი პრიორიტეტია მთლიანად ბათუმი და არამარტო ცენტრი. ამაში იგულისხმება შემოერთებული ტერიტორიებიც. სიახლე იქნება ის, რომ ვაპირებთ ელეტრონულ სისტემაზე გადასვლას. საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელს აღარ მოუწევს სამსახურში შემოსვლა, ყველაფერი იქნება ონლაინ რეჟიმში გამჭვირვალედ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე