Batumelebi | პასუხის პასუხი მურმან დუმბაძეს პასუხის პასუხი მურმან დუმბაძეს – Batumelebi
RU | GE  

პასუხის პასუხი მურმან დუმბაძეს

 

დღეს აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის განცხადების თაობაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის პოზიცია გააცნო.

 

 

ნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე

„აჭარის მთავრობა ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლება-მოსილებას, მათ შორის განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას. რეგიონის მზარდი ბიუჯეტის და ძირითადი პროგრამების მაღალი ხარისხით შესრულების ფონზე აჭარის მთავრობის თითოეული წევრის მიერ გაწეული სამუშაო ყველა კრიტერიუმით ჯეროვნად ფასდება. ამრიგად დღის წესრიგში არ დგას მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი. თუმცა კვირის დასაწყისში განხორციელებული და დაგეგმილი ცალკეული ცვლილებები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. ვინაიდან რეგიონი დგას ახალი გამოწვევების წინაშე და მთავრობა გადადის მუშაობის ახალ ტემპზე.

 

 

აჭარის მთავრობა, არის რა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სწრაფი რეფორმებისა და შედეგზე ორიენტირებული მმართველი კოალიციის განუყოფელი ნაწილი, პოლიტიკურად პასუხიმგებელია კოალიციის და მისი ლიდერის წინაშე; მოქმედებს ქვეყნის და აჭარის მკვიდრთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

 

შესაბამისად, მიუღებელია და, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, ცალკეული დეპუტატების მიერ პირადი გადმოსახედიდან საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ ღრმა ანალიზს.

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და აჭარის მთავრობა მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკურ ინდივიდებს თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის.“ – განაცხადა მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"