სიახლეები

მერია ბათუმობის სამზადისში

26.08.2014 • 1319
მერია ბათუმობის სამზადისში

ბატონო ალექსანდე, როგორი იქნება წელს ბათუმობა, რაზე აკეთებს მერია გათვლას?

_ წელს „ბათუმობა“ იქნება სახალხო დღესასწაული, ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ძირითადი ღონისძიებები მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება. ერას მოედანზე იგეგმება კარგი კონცერტი, რომელიც დღის 12 საათიდან ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება. ბევრი ცნობილი ქართველი ვარსკვლავი დათანხმდა და აპირებს ბათუმობასთან დაკავშირებულ კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობის მიღებას. პარალელურად იქნება ფოლკლორული კონცერტი ექვსი მაისის პარკში. მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კუთხეებში მოეწყობა  ბათუმელების შეკრება.

1-ელ სექტემბერს, საღამოს საათებში, საზაფხულო თეატრში საპატიო ბათუმელებს დავაჯილდოვებთ. 2 სექტემბერს ვგეგმავთ პიაცაზე ქორეოგრაფიულ კონცერტს. იქნება ასევე საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი.

დაგვისახელეთ რამდენიმე მომღერალი მაინც, ვინც აპირებს უსასყიდლოდ მიიღოს საზეიმო კონცერტში მონაწილეობა.

– ჯგუფი „ნიკოლ-შოუ“, ლაშა ღლონტი, რომელიც ბათუმელია, მაგრამ თბილისში ცხოვრობს… გვპირდებიან, რომ იქნება ძალიან კარგი პროგრამა და ეს სასიამოვნოა. ფაქტობრივად, კეთდება მაღალი დონის კონცერტი, რაშიც ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება.

რამდენი დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან ბათუმობისთვის?

-წელს ეს ღონისძიება შედარებით მცირებიუჯეტიანია. წინა წელს ბიუჯეტი იყო 240 000, წელს 135 000 ლარი დაიხარჯება. აუცილებელი მინიმუმის გარდა, რაც სტუმრების გამასპინძლებისთვისაა საჭირო, მასშტაბური სუფრები არ იქნება.

მოსაწვევ სტუმართა სიაში ვინ მოხვდა წელს?

ჩამოდიან ბათუმის დამეგობრებული ქალაქებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები. სხვა რაიმე სახის დასაპატიჟებელთა სახელობითი სია არ გვაქვს.

რაც შეეხება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ცოტა დრო რჩება, საინფორმაციო კამპანია კი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. რატომ?

_ ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ, რის შემდეგაც დაიწყება საინფორმაციო კამპანია ტელევიზიებით. როგორც კი სამოქმედო გეგმა გაიწერება, შეიძლება ფლაერებიც დავარიგოთ. არც ის გვავიწყდება, რომ ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი წვიმიანი ქალაქია და ამაზეც გვაქვს გათვლა.

გასულ წელს უკვე დაანონსებული ღონისძიებების განრიგი წვიმამ არია, წელს გაწვიმების შემთხვევაში რა მოხდება?

_ წინა წელს ორგანიზატორებს შეუშალა ხელი ამინდმა, ამიტომ რაღაც ღონისძიებებს ვგეგმავთ ისე, რომ წვიმის დროს ხელი არ შეგვეშალოს. გადავანაცვლებთ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები არ უნდა შეიცვალოს. წელს ამინდის ხანგრძლივი პროგნოზის თანახმად, კარგი ამინდი იქნება.

ადგილობრივი რესურსის გამოყენებაზე კეთდება აქცენტი, მაინც როგორ აპირებთ ამას?

– მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი, ფოლკლორული ანსამბლები… სხვა შემოქმედებითი ჯგუფები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი