სიახლეები

სემინარი ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაქმნელად

14.08.2014 •
სემინარი ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაქმნელად

სემინარს კატერინა რადჩენკო უძღვება, რომელმაც მსგავსი სახელმძღვანელო ოდესისთვის უკვე გააკეთა.  სემინარის ჩატარების ინიციატორი „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეა“, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ, „ბიაფის“ მიერ განხორციელებულ ტრენინგზე გაჩნდა.

კატერინა რადჩენკო

„ეს იქნება ქალაქის რუკა, რომელიც იქნება განსხვავებული, იქნება თანამედროვეობასთან და არტ ხელოვნებასთან დაკავშირებული. შევა ის ობიექტები, სივრცეები რაც სტანდარტულად არ შედის ხოლმე ჩვეულებრივ რუკებში,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ხელმძღვანელი ირაკლი ძნელაძე.

„ჯერ რა ობიექტები შევა სახელმძღვანელოში შეჯერებული არ ვართ. არ არსებობს მონახაზი, ეს არის წმინდა გემოვნების საკითხი. მე მაგალითად მინდა შევიდეს ბათუმის ლუდის ქარხანა. საბოლოოდ თვითონ მონაწილეები მოიძიებენ, გადაიღებენ, შეარჩევენ და  შემდეგ შეგროვებული მასალის რედაქტირება მოხდება ჯგუფურად,“ –  ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარ-მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი.

სემინარზე ოთხი დღის მანძილზე შემუშავდება ბათუმის წარმოჩენის ახალი მექანიზმები, დაიწყება შემოქმედებითი მასალის შეგროვება და ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს ძირითადი კონცეფციის შემუშავება.  სახელმძღვანელო სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გამოიცემა.

გადაბეჭდვის წესი