სიახლეები

ლუდის ფესტივალი ბათუმში კომპანია ”ნატახტარისგან”

11.08.2014 • 2396
ლუდის ფესტივალი ბათუმში კომპანია ”ნატახტარისგან”

საქართველოში ლუდის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპანია ”ნატახტარია”. ლუდის მოყვარულთათვის აღსანიშნავია ის დეტალი, რომ ფესტივალის ბარი საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარია.

ფესტივალი პირველად ხუთი წლის წინ, 2010 წელს თბილისში ჩატარდა, მალე საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მისი ტრადიციულობაც განაპირობა.

სამი წლის მანძილზე ლუდის ფესტივალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანიამ რეგიონებში გასვლა გადაწყვიტა. 2013 წელს ლუდის ფესტივალი რუსთავში, თელავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში პირველად ჩატარდა.

ბათუმმა წელს ოქროსფერი სასმელის ფესტივალს 9-10 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა. გასული წლის ფესტივალისგან განსხვავებით წლევანდელ ფესტივალს ერთი სიახლე გამოარჩევდა – ლუდის შეძენა სპეციალური მონეტების საშუალებით იყო შესაძლებელი. თითო მონეტა 1.5 ლარი ღირდა. “ნატახტარისა” და “მთიელის” შეძენას ერთი მონეტა, ხოლო პრემიალური ბრენდების – “კოზელის”, “ეფესისა” და “კაიზერის” შეძენას ორი მონეტა სჭირდებოდა.

ლუდის ფესტივალი მრავალფეროვნებით გამორჩეული ღონისძიებაა. წელს ფესტივალი თითოეულ რეგიონში ორ დღეს გრძელდება, რომელსაც თან ახლავს ცოცხალი მუსიკა და გასართობი თამაშები.

ბათუმში ლუდის ფესტივალი “შავფაროსნებმა” გახსნეს. ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილ “ნატახტარის” ლიმონათის კუთხეში ანიმატორები ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშებით ართობდნენ. შეჯიბრებები გაიმართა სახალისო თამაშებშიც. ვინც უფრო სწრაფად ან ვინც უფრო ბევრ ლუდს დალევდა, ფესტივალის ატრიბუტიკას ან უფასო ლუდს მოიგებდა.

ფესტივალს ბათუმში დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი ესწრებოდა. მრავალფეროვანი საზოგადოებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი იყო მუსიკალური რეპერტუარიც, რომელსაც ქმნიდნენ ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები, მათ შორის “Latino Boys”, ჯგუფი “ყველა”, “სალიო” და სხვა. ბათუმში ფესტივალის მეორე დღეს ცოცხალ მუსიკას ფესტივალისთვის ასრულებდა დავით ილურიძის ბენდი, “ფრანი”, “რეგიონი”, ჯგუფი “არა”, “გობლინები”.

ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივები.

“ბათუმში ლუდის ფესტივალი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ საინტერესო ფესტივალად ტურისტებისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად ტურისტები თბილისში ჩამოსულან” – ამბობს კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო სურმავა.

წელს ფესტივალი 12 ივლისს დაიწყო თბილისიდან და გაგრძელდა თელავსა და გორში. 16-17 აგვისტოს ფესტივალს ქუთაისი, ხოლო 23-24 აგვისტოს ფოთი უმასპინძლებს. 2014 წლის ლუდის ფესტივალი 30-31 აგვისტოს ზუგდიდში დაიხურება.

“ნატახტარი” სამომავლოდ ლუდის ფესტივალში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

“ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, თუმცა გარკვეული ცვლილებები იგეგმება. გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა ფესტივალი განვაახლოთ” – ამბობს ნატახტარის ქსელური მარკეტინიგის მენეჯერი ოთარ უნაფქოშვილი.

გადაბეჭდვის წესი