მთავარი,სიახლეები

ხულოელი მოსწავლის ამერიკული თავგადასავალი

01.06.2017 • 10902
ხულოელი მოსწავლის ამერიკული თავგადასავალი

ხულოელი ლია დეკანაძე ათი თვის მანძილზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში. ლია ახლახან ჩამოვიდა შტატებიდან, სადაც იგი უკვე უნივერსიტეტშია ჩარიცხული და იმის მიუხედავად, რომ სწავლის გადასახადის დიდ ნაწილს გრანტები უფარავს, დანარჩენი თანხის გადახდას ვერ ახერხებს და შესაძლოა წელს მის შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლა ვერ შეძლოს.

ლია ამბობს, რომ რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად არასოდეს უვლია, დაბა ხულოს სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებას უცხოელებთან ურთიერთობით, სოციალური ქსელებითა და კინოფილმებით ცდილობდა.

ლია: თავიდან როცა ვთქვი, რომ ამერიკაში მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ ნიუ იორკში მივდიოდი, ჩიკაგოში ან ლოს ანჟელესში, მაინც არის ჩვენთან ის სტეროტიპული დამოკიდებულება, რომ თუ აშშ-ში მიდიხარ, აუცილებლად დიდ ქალაქში უნდა მოხვდე.

მე ძალიან გამიმართლა, პროგრამით მოვხვდი მისურის შტატის საკმაოდ დიდ ქალაქში, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რადგან გაცვლითი პროგრამით მოსწავლეები ძირითადად პატარა ქალაქებში ხვდებიან. ეს იყო ძალიან დიდი გამართლება, რადგან პატარა რაიონიდან ვარ და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის დიდ ქალაქში ცხოვრება.

მყავდა ძალიან კარგი მასპინძელი ოჯახი, რომელიც მხარს მიჭერდა მაქსიმალურად, ოჯახურ და თბილ გარემოში მოხვდი.

LIAსკოლა საკმაოდ დიდი იყო. ჩემს ქართული სკოლაში სულ 400 მოსწავლე ვიყავით, იქ კიდევ 2000 მოსწავლე სწავლობდა. სხვა მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით სკოლას არ ჰყავდა და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწევევა ჩემთვის, რადგან ირგვლივ არავინ იყო, ვისაც გავუზიარებდი ჩემს ემოციებს.

ახალ გარემოს იოლად შევეგუე. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, არ გამჭირვებია, მგონი იმის გამოც, რომ აქედან ძალიან მომზადებული წავედი, ვიცოდი, რა მოლოდინი მქონდა, რა მინდოდა მესწავლა. მინდოდა განსაკუთრებული წელი მქონოდა და ვფიქრობ, ეს გამომივიდა.

პირველ ხანებში ვიღებდი ძალიან ბევრ წერილს. ყველა წერილი მიხაროდა, მაგრამ განსაკუთრებით მახარებდა გოგოების წერილები. ათეულობით გოგომ მომწერა, რომლებისთვისაც ჩემი თავგადასავალი აღმოჩნდა სტიმულის მომცემი. მწერდნენ, რომ მათში გავაღვიძე იმედის ნაპერწკალი და მათი ოცნებების აღარ ეჩვენებათ ისეთი არარეალისტური, როგორც ადრე. ეს არ იყვნენ მხოლოდ ნაცნობები, მწერდნენ უცნობი ადამიანები ჩემი რეგიონიდან, ახლო სოფლებიდან, რომელბმაც გაიგეს ჩემი წასვლის შესახებ, მილოცავდნენ და მეუბნებოდნენ, შენ თუ ეს შეძელი, ესე იგი, შესაძლებელია ჩვენც გავაკეთოთ რამეო.

ერთი აკადემიური წელი ვსწავლობდი აშშ-ში.  მე-12 კლასი იქ დავამთავრე, ათი თვე დავრჩი საერთო ჯამში. იქვე ავირჩიე უნივერსიტეტი, სადაც მინდა სწავლა.

ეს ისე მოხდა, როგორც ფილმებში, ჯადოსნური ამბავი იყო. შობას მეგობრებთან ერთად ვიყავი სასეირნოდ წასული. გზად გავიარეთ პატარა ქალაქში და დავინახე უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა საშობაოდ განათებულ ჰოგვორტსს. „ჰარი პოტერზე“ ბავშვობიდან ვგიჟდები. დავინტერესდი რა შენობა იყო და გავიგე, რომ ეს არის კერძო უნივერსიტეტი – Park University – ძალიან ცნობილი აშშ-ში და მეგობრული უცხოელი ტურისტების მიმართ.

park university

park university

მივედი, დავათვალიერე კამპუსები და გადავწყვიტე, შემეტანა საბუთები, საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ორი თვე ველოდე პასუხს და მოვიდა დასტურის წერილი, რომ მიღებული ვარ უნივერსიტეტში და მოვიპოვე  რამდენიმე გრანტი. ამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან ძვირია, წელიწადში 22 000 დოლარი. აქედან 14 000 დოლარის მოპოვება შევძელი გრანტებით, რადგან კარგი ნიშნები მქონდა და ამას იქ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა შემომთავაზა მათთან გავაგრძელო ცხოვრება, რადგან ასე  დავზოგავ საცხოვრებელი ადგილის ფულს.

სწავლა იწყება აგვისტოში, მაგრამ არ ვიცი შეძლებ თუ არა წასვლას. გავაგზავნე თხოვნა, გაზაფხულამდე გამიყინონ ნიშნები.  სხვა გზა არ მაქვს, 8 000 დოლარის გადახდას ჩემი ოჯახი ვერ შეძლებს.

ეს თანხა მჭირდება პირველი წლისათვის, შემდეგ მუშაობას ვაპირებ კვირაში 20 საათი და ამის გარდა, ძალიან ბევრი საშუალებაა გრანტების მოპოვების სწავლის პროცესში, მაგრამ არა პირველივე წელს.

ჯერჯერობით არ მქონია მცდელობა საქართველოში ამ თანხის მოძიების. 12-ში ჩამოვედი,  სკოლამ არ ჩამითვალა ამერიკულ სკოლაში გატარებული ერთი წელი და ჩავაბარე ჯერ ყველა საგანი, შემდეგ საატესტატო გამოცდა. ახლა ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ვნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს,  შევძლებ წასვლას.

ლია დეკანაძე

ლია დეკანაძე

________________________________________

ამავე თემაზე: 

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: