მთავარი,სიახლეები

TDI-ს სამართლებრივი შეფასება შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებაზე

31.05.2017 • 2010
TDI-ს სამართლებრივი შეფასება შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებისთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, „ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში 2015 წლის 5 ოქტომბრამდე  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ“.

სამართლებრივი შეფასება

1.   „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის“ 2015 წლის 4 სექტემბრის მოთხოვნის კანონიერება თურქული სექტორის გაუქმებასთან მიმართებით

განათლების მიღება შესაძლებელია  ფორმალური ან არაფორმალური გზით. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებებს, ფარგლებსა და ეტაპებს კანონი არ არეგულირებს. იგი გულისხმობს სოციალური განათლების ნებისმიერ დაგეგმილ პროგრამას, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, ასევე ისეთ განათლებას, რომელიც მიღებულია არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

ფორმალურ განათლებას  კი  წარმოადგენს სტრუქტურულ-საგანმანათლებლო სისტემა დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე და საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ექცევა.

ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში, 2015 წლის 5 ოქტომბრამდე,  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის მიხედვით ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ვინაიდან სკოლის მიერ  თურქული სექტორის ფარგლებში სწავლება წარმოადგენდა არაფორმალურ განათლებას, არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სექტორი არ საჭიროებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან თანხვედრას, მითუმეტეს არც ავტორიზაციას.  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ავტორიზაციას არ ექვემდებარება ისეთი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (№ 89/ნ) ბრძანების მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში.

აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება  თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლის მსგავსად, საქართველოში ფუნქციონირებს გერმანულენოვანი და რამდენიმე ინგლისურენოვანი სკოლა, რომლებსაც პრობლემა არ შექმნიათ ქართული სექტორის პარალელურად, ესწავლებინათ გერმანულ და ინგლისურ სექტორზე, ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე.

2. რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და პროპორციულობა

სკოლის ადმინისტრაციამ TDI-ს განუმარტა, რომ “სკოლა ემორჩილებოდა საბჭოს გადაწყვეტილებებს  და ახორციელებდა იმ მოქმედებებს, რომელზე მითითებაც ხდებოდა საბჭოს სხდომებზე”. ამიტომ, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თურქული სექტორის გაუქმების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილება.

სკოლის დირექტორი და იურისტი, TDI-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, უთითებენ, რომ სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორში გადაყვანის პროცედურა შეთანხმებული იყო ცენტრთან და ხელმძღვანელობდნენ მათი მითითებებით.

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში ყოფილი თურქული სექტორის მოსწავლეების დაახლოებით    90%-მა სკოლა დატოვა და 2016 წლის სექტემბერში თურქეთის საკონსულოს მიერ გახსნილ „ბათუმის თურქულ სკოლაში“ დაიწყო სწავლა. აღნიშნულ სკოლას არ აქვს მიღებული ავტორიზაცია და შესაბამისად, არ გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ მოსწავლეების და მათი მშობლების ინტერესში ფორმალური განათლების მიღება არ შედიოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას დაუდგინა ორი ძირითადი დარღვევა:  1. თურქული სექტორიდან ქართულ სექტორში 5 მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურაში არსებობდა ხარვეზები; 2. სკოლამ მოსწავლის სტატუსი არ შეუწყვიტა დამატებით, სხვა 5 მოსწავლეს, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების  მე-4 მუხლის 1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად: „სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხევევაში თუ: მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ  იღებს შეფასებას“. სკოლას არ ჰქონდა შეჩერებული მოსწავლეებისათვის სტატუსი, ვინდაიდან 90 დღიანი ვადა   იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს. როგორც სკოლის იურისტი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, ეს საკითხი საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის  სხდომაზეც წამოიჭრა, მაგრამ  საბჭოს წევრების მხრიდან ამ არგუმენტს არ მოყოლია სათანადო რეაგირება და ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ იმ 5 მოსწავლესთან დაკავშირებით, რომელთა  ქართულ სექტორში გადაყვანასაც  ცენტრი დარღვეულად მიიჩნევს, სკოლა TDI-სთან ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ამ მოსწავლეების მიმართ უკვე გამოცემული იყო განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება.

თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრი 2017 წლის მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სკოლას უნდა ეხელმძღვანელა  “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის  შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  2012 წლის 06 იანვრის #05/ნ ბრძანებით და მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიემართა საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მხრიდან მოსწავლეების ჩარიცხვის პროცედურების დარღვევა საეჭვოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა სასამართლოს მიერ  პროცედურის დარღვევით მოსწავლის გადაყვანა თურქულიდან ქართულ სექტორში, დარღვევა არ  არის  არსებითი ხასიათის და მოსწავლეებსა და სკოლას  არ აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

მიუხედავად იმისა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას, მაშინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს მოსწავლის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, დეტალურად არ არის გაწერილი დარღვევის რა სიმძიმის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სკოლამ ეს უფლებამოსილება; კანონის ეს ზოგადი ჩანაწერი საბჭოს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევის პროპორციულობის, სიმძიმის, საჯარო და კერძო (მოსწავლე/მასწავლებელთა) ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც საჯაროა, ჩანს, რომ სკოლების მიერ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების თუნდაც უხეში დარღვევების შემთხევაში, ცენტრი პრიორიტეტულად ავტორიზაციის შენარჩუნებას მიიჩნევს და სკოლას შენიშვნებს და ამ შენიშვნებისთვის გამოსასწორებელ დროს აძლევს. თუმცა რ. შაჰინის სახელობის სკოლის შემთხვევაში, ეს პრაქტიკა უგულებელყვეს და ცენტრმა მიიღო ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება.

ამ შემთხვევაში, საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ  სავარაუდო დარღვევა შეეხებოდა მხოლოდ 5 მოსწავლეს, რომელთათვის განათლების აღიარება სკოლას მარტივად  შეეძლო „ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის (#207) ბრძანების საფუძველზე. ასეთ დროს, მოსწავლე სკოლაშივე გადის   შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას, წარმატებით ჩაბარებისას, სახელმწიფო აღიარებს ამ მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო საფეხურის დაძლევის ფაქტს და  ექსტერნი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები,  გადადის მომდევნო კლასში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში 5 მოსწავლის გარდა, ასევე სწავლობდა 340 მოსწავლე, რომლებიც კანონის სრული დაცვით იყვნენ ჩარიცხულნი და იღებდნენ ხარისხიან განათლებას სკოლაში, რომელიც, როგორც 2016 წლის 21 ნოემბრის დასკვნაში წერია, აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს.  ასევე ის ფაქტი, რომ შუა სასწავლო წელს ავტორიზაციის გაუქმებით საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის უწყვეტობას, მოსწავლეების მხრიდან ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულად დაფარვას. აღსანიშნავია, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად არის მიჩნეული  ბათუმში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ  მიუხედავად სოლიდური წლიური გადასახადისა, მოთხოვნა სკოლაზე მაღალია; სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უარს აცხადებენ სხვა სკოლაში გადასვლაზე, განაგრძობენ პროტესტს და მოითხოვენ ავტორიზაციის აღდგენას.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დებულების ანალიზიდან ცხადია, რომ ცენტრი  განათლების ხარისხის ხელშეწყობისათვის შეიქმნა  და არა როგორც სადამსჯელო ორგანო, რომელიც არაპორორციულად და უკანონოდ იყენებს მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც რ. შაჰინის სახელობის სკოლის მიერ არ იყო დარღვეული ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტები და  ავტორიზაციის გაუქმება არ ემსახურებოდა არც განათლების სისტემის, არც სკოლის და არც მოსწავლეების ინტერესს, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მხრიდან სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მოპყრობა.

2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს  თბილისის   საქალაქო სასამართლოში  გაასაჩივრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება (#04) შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა ამავე აქტის შეჩერება, რათა მოსწავლეებმა  სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლონ. გადაწყვეტილება აქტის შეჩერების თაობაზე, სავარაუდოდ, 20 თებერვალს გახდება ცნობილი“.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ბათუმში ავტორიზაცია 2017 წლის 2 თებერვალს გაუუქმდა. სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს რომ ავტორიზაციის გაუქმებას პოლიტიკური საფუძველი აქვს.

სრული ტექსტი ნახეთ აქ.

 

გადაბეჭდვის წესი