Batumelebi | რა ღირს ჰოსტელი ბათუმში რა ღირს ჰოსტელი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

რა ღირს ჰოსტელი ბათუმში

 

ჰოსტელის უპირატესობა სასტუმროსთან, მის დაბალ ფასში გამოიხატება. ამიტომ, ვიზიტორები, რომლებიც ბათუმში ერთი ან ორი დღით ჩერდებიან, არჩევანს ხელმისაწვდომ სერვისზე აკეთებენ. რას სთავაზობენ ჰოსტელის მფლობელები ვიზიტორებს და როგორ ხედავენ სერვისის გაუმჯობესების გზებს ბათუმში?

ალექსი სემერჯანი ჰოსტელ „ვერონას“ მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს ანალიზს, რა უკეთესია განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ერთი წელია რაც მისი ჰოსტელი ფუნქციონირებს. აქ ორადგილიანი ნომერი 70 ლარი ღირს. საფასურში არ შედის კვება. ვიზიტორს უფასოდ შეუძლია მხოლოდ ჩაი დალიოს და ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით: „არის მოთხოვნა საუზმეზე, მაგრამ ამ ფასში ვერ მოვახერხებთ“, – ამბობს მფლობელი. ჰოსტელს ძირითადად  პოლონელი და უკრაინელი ტურისტები აკითხავენ.

TJ ჰოსტელ-ის მენეჯერი თეონა ძნელაძე ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურის განახლება მოახერხეს და ოთახების რაოდენობა დაამატეს. სერვისში შეიტანეს ველოსიპედით მომსახურება, თუმცა ამაში ტურისტს დამატებით თანხის გადახდა მოუწევს. „ამაზე მოთხოვნა ტურისტებისგან იყო“,- გვეუბნება ჰოსტელის მეპატრონე.

ჰოსტელში ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ეს მხოლოდ საწოლის ღირებულებაა. ცალკე ოთახის დაქირავების შემთხვევაში ტურისტს 50 ლარის გადახდა მოუწევს. ფასში არ შედის ჩაი ან ყავა. ჰოსტელში უფასო მხოლოდ ინტერნეტია.

ჰოსტელის მფლობელი მიიჩნევს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა მანქანების გაქირავების დამატებაც, თუმცა წლევანდელ სეზონზე ამის განხორციელებას ვერ ახერხებს.

„ტურისტები ძირითადად ევროპიდან გვყავს: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა. იშვიათია, რომ ჰოსტელში ვიზიტორი ერთი კვირით დარჩეს. მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ნახონ. სურთ მეტი გასართობი იყოს, მოსწონთ ფესტივალები და ხალხური მუსიკა. განათებული ქალაქი და ანბანის კოშკი მოსწონთ. უკვირთ, რომ ღია არ არის და არ აქვთ შესაძლებლობა ავიდნენ კოშკზე და იქედან დაათვალიერონ ქალაქი. თუმცა ეს საკითხი მთავრობის მოსაგვარებელია და ჩვენ ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით ამ დროისთვის ცოტა ნაკლებია ვიზიტორები, შესაძლებელია ეს იმით იყოს განპირობებული, რომ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა“.

ჰოსტელი „პარადაისი“ ძველ ბათუმში მდებარეობს. აქ საწოლის ფასი 60 ლარია და მასში მხოლოდ საუზმე შედის. როგორც მეპატრონე ინესა ჟუმანავა ამბობს: „სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს ტურისტები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც უკრაინიდანაა“. მისი თქმით, ტურისტთა რაოდენობა წელს ნაკლებია. 

იაგო კეჭეხმაძე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ალბატროსს“ ფლობს. ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ვიზიტორებიც. „უფრო მეტად უკრაინელები, რუსები და თურქები დადიან“. მეპატრონე ამბობს, რომ ფასებს მომხმარებლის გარეგნობის მიხედვით აწესებს: „გააჩნია, რამდენადაც მოწესრიგებულია კლიენტი, იმდენად დაბალი ფასია“. იაგო კეჭეხმაძე „მოწესრიგებულ“ კლიენტში გულისხმობს: „წყნარი, სუფთად ჩაცმული და განათლებული კაცის შეხედულება რომ აქვს. მირჩევნია ნაკლები გადავახდევინო, ვიდრე მთვრალი და გაუპარსავი შევუშვა“.

სასტუმროში ერთი ღამე ასი, ასორმოცდაათი და ოთხმოცი ლარიც ღირს. ასლარიან ნომერში „მხოლოდ ყავა, ჩაი, სისუფთავე და სიწყნარე შედის“. „გავაუმჯობესებდი სერვისს, მაგრამ არ არის საკმარისი ფინანსები“, – ამბობს მეპატრონე.

რუსუდან ჭიჭინაძე ჰოსტელ „გლობუსის“ მენეჯერი და მფლობელია. ჰოსტელის სერვისში სამზარეულოთი სარგებლობა, სარეცხი მანქანა, ჩაი, ყავა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შედის. „20 და 25-ლარიან სერვისში ეს ყველაფერი შედის, უბრალოდ, იქ ოთახებია სხვადასხვანაირი და ფასს ეს განსაზღვრავს. მინდა დავამატო ახალი სერვისი, „ჯეოსელში“ ვიყავი და ვთხოვე თუკი ექნებათ უფასო ნომრების აქცია, გვინდა ავიღოთ ეს ნომრები და უცხოელებს დავურიგოთ, რომ ტელეფონით სარგებლობა შეძლონ“.

რუსუდან ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე მეტს ვიზიტორები არც ითხოვენ, რადგან იციან, რომ ჰოსტელის მომსახურება ამაზე მეტი არ არის. „ძირითადად ევროპელები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით, თბილისიდან იშვიათად ჩამოდიან, იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურიდან მოდიან მივლინებით ან ერთი ღამის გათევა უნდათ,. დაგვემატა უკრაინა, პოლონეთი და რუსეთი. გვყავდა ფრანგები და თურქებიც“.

მენეჯერის შეფასებით, შარშან ივნისი გაცილებით დატვირთული იყო ვიზიტორებით, ვიდრე წელს. „ვნახოთ, რა იქნება წელს. ჩვენი ძირითადი დატვირთვა იყო უცხოელი პედაგოგები, რომლებიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავიდნენ და ესეც არის თვალშისაცემი“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ წელს სასტუმროებისა და „გესტ ჰაუსების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. „15-მდე გესტ ჰაუსი და ამდენივე სასტუმრო სახლი გაიხსნა რეგიონის მასშტაბით, სადაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. იანვრიდან დღემდე გახსნილია ათი ახალი სასტუმროც, რაც ნიშნავს 250 სასტუმრო ოთახს. გესტ ჰაუსების ზრდა მაჩვენებელია იმის, რომ საშუალო სეგმენტიც ვითარდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე