ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ქუჩის მთელ პერიმეტრზე მაღაზიებია გახსნილი, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვადასხვა სახის მასალები იყიდება. მოვაჭრეებს ტროტუარის დიდი ნაწილი აქვთ დაკავებული და საქონელი ქუჩაში აქვთ გამოფენილი. მსგავსი ვითარებაა შავშეთის ქუჩის დასაწყისშიც. ტროტუარზე დგას ავტომანქანებიც, რის გამოც, ფეხით მოსიარულეები იძულებულნი ხდებიან ავტომანქანის სავალ ნაწილზე გაიარონ. ირღვევა თუ არა პუშკინის ქუჩაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლება და რა რეგულაციები აქვს მერიას მოვაჭრეებისთვის დაწესებული?
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა ძნელაძის განცხადებით მოვაჭრეებს ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ აქვთ. „ეს ითვლება გარევაჭრობად და სიტუაციას არეგულირებს პატრული. საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით “.
გოჩა ძნელაძის თქმით, მონაჭრეების ნაწილს აქვთ გარევაჭრობაზე ნებართვა, ნაწილი კი, ვისაც მსგავსი ნებართვა არ აქვს, პოლიციამ უნდა დააჯარიმოს.
„თუ ტროტუარი მთლიანად იზღუდება, მაშინ ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. თუ ავტომანქანები დგას ტროტუარზე, ესეც პატრულმა უნდა გააკონტროლოს ან პარკირების სამსახურმა, ამაზე ნებართვა არ გაიცემა“- აცხადებს გოჩა ძნელაძე.
შს სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ: „აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიცია მუდმივად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.