მთავარი,სიახლეები

მთავრობა ზონალური საბჭოს შემადგენლობას განაახლებს

25.05.2017 • 1950
მთავრობა  ზონალური საბჭოს შემადგენლობას განაახლებს

აჭარის მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს შემადგენლობისა და მისი დაკომპლექტების წესის შეცვლას გეგმავს. ამ ცვლილებას ზურაბ პატარაძისგან ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან უმეტეს შემთხვევაში საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ.

„ … მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე, მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საბჭოს კრიტიკა, თუნდაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს მის ფორმირებაზე უფლებამოსილ პირს, ანუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს“, – ნათქვამია „ბათომის“ წერილში.

ამ მიმართვაზე „ბათომს“ პასუხი ჯერ არ მიუღია. მთავრობის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მთავრობამ ორგანიზაციას წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის, სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, საბჭოს შესაძლო ფორმირებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუშაობს: „ … მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით.“

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის განმარტებით, სააგენტო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და დაკომპლექტების ახალი წესის რამდენიმე ვარიანტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარუდგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

„ … ჩვენ ამ საკითხზე ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად გავდივართ კონსულტაციებს, რომ შევაჯეროთ ხედვები. საუბარია საბჭოს კომპლექტაციისა და საქმიანობის წესის ახლებურ გადაწყვეტაზე. როგორ და რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ეს, ამაზე ჯერჯერობით ვმსჯელობთ, საკითხი განხილვა დახვეწის ეტაპზეა და შემდეგ უკვე სამინისტროს წარვუდგენთ განსახილველად“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „ბათომი“ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციით დაინტერესდა ე.წ კ-2-ს ეხება [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი].

საუბარია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებაზე – „ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში” ცვლილებების შესახებ. ცვლილების შესაბამისად განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის პროცედურაში მონაწილეობს აღარ მიიღებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეს საკითხი საკრებულოშივე გადაწყდება. ამავე დადგენილებით, მერს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელებაზე.

გიორგი ერმაკოვს, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით არაფერი შეუცვლია.

„ბათომს“ ამ საკითხთან მიმართებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია აინტერესებს. აპირებს თუ არა ზურაბ პატარაძე კ2 კოეფიციანტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაცემაზე თავად თქვას უარი? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებას „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი