დანდალოს N2 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, გენად არძენაძის შტაბზე რამდენიმე კვირაა კოალიციის გამგებლის კანდატის, დავით დუმბაძის პლაკატია განთავსებული, „ქართული ოცნების“ გამგებლის კანდიდატის პლაკატის გარდა შტაბზე „ოცნების“ ლურჯი დროშაც ფრიალებს.
„გენადი ჩემი მეზობელია, ხმას ვაძლევს მას და „ქართულ ოცნებას“, ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ კაცია, შეხვედრაზე თქვა, რომ ამ პარტიას წარმოადგენს“ – ამბობს ამომრჩეველი გიორგი ოტოლაძე.
დამოუკიდებელ კანდიდატად დასახელებული გენად არძენაძე ჯერ კიდევ ორი თვის წინ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და დელეგატი იყო, რასაც ქართული ოცნების ქედის შტაბის უფროსი, სიის პირველი კანდიდატი ამირან ცინცაძეც გვიდასტურებს.
„გენად არძენაძე ჩვენი პარტიის დელეგატი იყო, მაისის თვეში განცხადება დაწერა და წავიდა პარტიიდან. რაც შეეხება მის შტაბზე ჩვენს პლაკატს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავიგე, ვნახე და ოლქს ვაცნობეთ, ოლქი გაატარებს შესაბამის ღონისძიებას.
ისინი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან, ვისთვის მუშაობენ არ ვიცი, მე ვმუშაობ ჩემს კანდიდატებზე, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.
არა ერთი მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა“ გენად არძენაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური გამორთული აქვს.
ქედაში კოალიციის ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამით ორმაგ თამაშს თამაშობს, რითაც პარტიისა და დავით დუმბაძის გაყვანას ცდილობს.
„არ ვიცი პარტია რა სისტემით მუშაობს, მაგრამ ცხადია, რომ „ოცნებას“ გაორებული კანდიდატები ჰყავს, ამას მოსახლეობაც გვეუბნება.
დამოუკიდებელი კანდიდატები შეხვედრაზე იძახიან ხმა მომეცით მე, დავით დუმბაძეს და შემოხაზეთ #41, ეს ფაქტია, ამით ოცნება ხმების გახლეჩას და გამგებლისა და პარტიის გაყვანას ცდილობს“ – აცხადებს „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქედის გამგებლობის კანდიდატი ზურა ავალიანი.
დამოუკიდებელი კანდიდატების ერთი ნაწილი მათ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს, სხვა ამბობს, რომ შეხვედრაზე ამომრჩეველს მათი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
„მე საკუთარი თავის აგიტაციას ვაკეთებ, არანაირ პარტიისთვის არ ვმუშაობ„ – ამბობს ცხმორისის თემი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ ბოლქვაძე.
წონიარისის თემის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სილოვან ბერიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მარინა ბერიძის ძმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმის ცოლის ძმაა, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მაჟორიტარი კანდიდატი აქვე დასძენს, რომ ამომრჩევლებს შეხვედრაზე მისი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
„ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ. დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი კენჭს, არ მაქვს უფლება ამომრჩევლებს როგორც `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ისე გავეცნო და ასე არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამომრჩევლებს ვეუბნები, რომ ჩემი გასვლის შემთხვეაში ქართული ოცნების პოლიტიკას დავუჭერ მხარს,“ – ამბობს სილოვან ბერიძე.
„ჩემთვის არავის უთქვამს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე ჩემი პლაკატი იყოს, ეს დაუშვებელია. ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა მაჟორიტარი გავიდეს არჩევნებზე“ – ამბობს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ქედაში დავით დუმბაძე.
ქედის N80 საარჩევნო ოლქში სულ 6 დამოუკიდებელი კანდიდატია.
„„