ირაკლი ჭეიშვილი
მმართველი პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. არაოფიციალურად მას მომავალი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. თუმცა როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში თავად განაცხადა, ამ თანამდებობაზე ამბიცია მოქმედი საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც აქვს. ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად „რესპუბლიკელების“ კვოტით მოხვდა.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ირაკლი ჭეიშვილი „ბათუმელებს“ ჩაწერაზე დათანხმდა, თუმცა შემდეგ ტელეფონის ზარს აღარ უპასუხა.
გიორგი კირთაძე
ყოფილი მმართველი პარტიის პირველი ნომერი მოქმედი საკრებულოს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა. გამარჯვების შემთხვევაში ის საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოებას მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ჰპირდება, მიიჩნევს, რომ ეს იმ საკითხთა შორისაა, რაც მისი გუნდის მმართველობის პერიოდში არც ისე კარგად გამოუვიდათ.
„არც ისე ცოტა შეცდომა დავუშვით, ამის მიზეზი შეიძლება ასაკი იყო, შეიძლება გამოუცდელობაც. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს პროექტები არ იყო საზოგადოების მიერ ფართოდ განხილული, შეიძლება ამიტომაც არ მიიღო მოსახლეობამ ისე, როგორც შეიძლებოდა მიეღო.“
ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძე სხდომაზე საკრებულოს იმ წევრებს დაუპირისპირდა, რომლებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდნენ და თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსაც ხშირად იგებდნენ. კითხვაზე, არის თუ არა მათი ბიზნესინტერესების ხელშეწყობა შეცდომებს შორის, გიორგი კირთაძე პასუხობს. „ის, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ბევრი ადამიანი სხვადასხვა მოტივით ეტმასნება, ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსი. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული არც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ზოგადად, ეს დაემართა `ნაციონალურ მოძრაობას~ და ალბათ, ესეც ერთ-ერთი შეცდომა იყო. რაც შეეხება იმას, მიჩნდებოდა თუ არა კითხვები მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, – მე არასდროს მითქვამს და ვერც ახლა ვიტყვი, რომ საკრებულოს რომელიმე წევრი კორუფციული გარიგებით იგებდა ტენდერებს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
დავით თედორაძე
„ამჯერად ჩვენ უნდა მოგვცეს ხალხმა ხმა, „ქართული ოცნებაც“ ბევრს გვპირდება, იმასაც გვპირდებოდა არ ავიღებ პრემიებსო, მაგრამ აიღო. ჩვენ მოვდივართ ტყუილის გარეშე“, – ამბობს მწერალი დავით თედორაძე. ის პოლიტიკური გაერთიანება „დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ამ გაერთიანების მთავარი საარჩევნო დაპირება სოციალური პრობლემების მოგვარება და უსახლკაროების დახმარებაა.
„წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე ბინას გადავცემთ გაჭირვებულ ოჯახებს ოცწლიანი განვადებით. ეს იქნება უპროცენტო განვადება ყოველგვარი შენატანის გარეშე. ხოლო ოცამდე ბინა საჩუქრად გადაეცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს. ამ ბინებს მერია ააშენებს. უსახლკაროების დაკმაყოფილების მიზნით ბინების მშენებლობისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტის 12%-ს გაითვალისწინებენ“.
დავით თედორაძის თქმით, მათი პარტია ხალხს უფასო მუნიციპალურ საავადმყოფოს შესთავაზებს: „ამ ყველაფერს უაზრო მშენებლობების შეჩერების ხარჯზე ვგეგმავთ. რა საჭიროა რუსთაველის ქუჩის გამყოფ ზოლზე რკინის ღობე, რომელზეც ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. ამ თანხით მუნიციპალური საავადმყოფო ერთი წელი იარსებებდა“.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, „ჭრელი საკრებულოს“ შემთხვევაში მთავარი, რამაც საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი, „სახელმწიფო აზროვნება იქნება“.
დავით თედორაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს „არავითარ შემთხვევაში“ არ დაუჭერდა: „არასდროს დაუჩაგრავს ქართველ კაცს განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ეს კანონი უკვე იძლევა საშუალებას, რომ მოიქცნენ თავხედურად. მე მომწონს, როცა ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ზის სკამზე, მაგრამ არ მომწონს, როცა ბღლარძუნობენ და მამაკაცების კოცნა მომეწონება?“…
მირზა სვანიძე
29 წლის მირზა სვანიძე საარჩევნო სიაში პირველ ნომრად „რეფორმატორებმა“ ჩაწერეს. გამარჯვების შემთხვევაში ის მერვე ოლქში, საიდანაც კენჭს იყრის, სამუშაო შტაბის შექმნას გეგმავს: „ვხვდები მოსახლეობას, რომლებმაც არ იციან საკრებულოში ვინ არის მათი მაჟორიტარი, მე ამ რეალობას შევცვლი.“
მირზა სვანიძე „რეფორმატორებთან“ ერთად ამხანაგობის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს. ის პრიორიტეტებს შორის ქალაქის განაშენიანების გეგმას ასახელებს.
მისი რეზიუმეს მონაცემების მიხედვით, მირზას ბათუმის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უცხო ენათა ფაკულტეტი დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტში, ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ნამუშევარი აქვს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ამჟამად ის სარფში ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსის გენერალური მენეჯერია. არ ფიქრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საკრებულოს თავმჯდომარე: „მზად ვარ ნებისმიერი სირთულის ამოცანას გავართვა თავი, მაგრამ ეს თანამდებობა ალბათ სხვას ერგება.“
პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მირზა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დაუჭერდა. კითხვაზე – გაათავისუფლებდა თუ არა სამსახურიდან ლგბტ პირს, რომელიც კეთილსინდისიერი თანამშრომელია, პასუხობს, რომ -არა.
გელა გორგილაძე
ექიმი გელა გორგილაძე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“- კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ გაერთიანების პირველი ნომერია. გელა გორგილაძე „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ქედაში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
„უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ხდება ჭავჭავაძის ქუჩის იქეთ. ცენტრალურ ნაწილს, ანუ მიშას ბათუმს რომ თავი დავანებოთ, რომელიც გასუფთავებული და გაპიარებულია, სხვებმა რა დააშავეს? ამ მოუწესრიგებელ გარემოს დღეს მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, ეს არის მთავარი პრობლემა. როცა გამოდის მმართველი პარტიის კანდიდატი და ამბობს, მე გაგიყვანთ გზას და წყალს გაგიკეთებთო, ეს ყველაფერი ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. რაც ანბანის კოშკი დაჯდა, 64 მილიონი ლარი, ის თანხა აჭარის მასშტაბით სამი წლის განმავლობაში ყველა პენსიონერის დაზღვევას ეყოფოდა“.
გელა გორგილაძისთვის პრიორიტეტულია: მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქალაქის განაშენიანების გეგმის მომზადება, სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ვპირდებით ბათუმელებს, რომ არ დავიწყებთ ჯიპების მოთხოვნას, არც ვინმეს გავიყოლიებთ სადმე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ლიფტის ღილაკს დააჭიროს ხელი“. გიორგი ცინცქილაძე ნინო ბურჯანაძისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთიანი ოპოზიციის პირველი ნომერია. მისი პოლიტიკური წარსული ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება. ის აბაშიძის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე გადადგა თანამდებობიდან. მას შემდეგ კი ქართულ პოლიტიკაში არ გამოჩენილა. ახლა ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? – საკრებულოს წევრობის კანდიდატი პირდაპირ არ პასუხობს. ის ამბობს, რომ მის პარტიას პრორუსულ ძალად მიიჩნევენ, მაგრამ „ეს ასე არ არის“.
გიორგი ცინცქილაძე
გიორგი ცინცქილაძის თქმით, ის და მისი გუნდი დემოგრაფიული პრობლემის გამოსწორების მიზნით ყოველ მესამე შვილზე 300-ლარიანი დახმარების გაცემას გეგმავს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე კი, 25-ლარიან დანამატს გაითვალისწინებენ. ამ გუნდის პრიორიტეტებშია მცირე გადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედება, მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა და უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი პენსიონერებისთვის, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. „ვგეგმავთ წყლისა და სანდასუფთავების სატარიფო პოლიტიკის გადახედვას.“
დავით რობაქიძე
„ლეიბორისტების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძეა: „პირობას ვდებ, რომ თუ საკრებულოში უმრავლესობით შევალთ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ ხუთი კომისიიდან სამს ოპოზიციას ჩავაბარებთ. ეს წაადგება ქალაქს და წამადგება მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს. როდესაც გყავს გვერდით ოპოზიცია, არ მიდიხარ ილუზიებში, რომ რა კარგადაა ქვეყანა.“
დავით რობაქიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი „ჭრელ საკრებულოს“ აირჩევს, მერიც წარმატებული იქნება და საკრებულოც. საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, ეს იქნება ყველაზე კარგი სიტუაცია, სადაც საკრებულო და მერია თანხვედრაში არ იმუშავებს და ყველა დეტალზე იქნება კამათი.
„მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია“ დავით რობაქიძე ანტისკრიმინაციულ კანონს მხარს დაუჭერდა: „ამ კანონის მიღების გამო არ უნდა დავადანაშაულოთ ივანიშვილი და მისი გუნდი, ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ ეკლესიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი მამაოა, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რაც მოხდა გასული წლის 17 მაისს თბილისში. მე მაშინ ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშავებდა, მაგრამ მაშინ ცხელმა თავებმა და ემოციამ გადააჭარბა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
განსხვავებულები საქართველოს არასდროს აკლდა, მათ უფლება აქვთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში და ამას ვერავინ დაუშლის. ის, რომ მოძღვარი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და მეორე მხარისთვის ერთი უნდა იყოს და ორივეს ჭკუა უნდა დაგვარიგოს, ამას მტკიცება არ სჭირდება; ის, რომ ჩვენ ამ ხალხს ტაბურეტკებით ვსდევთ, ეს არის ავადმყოფობა.“
ზაურ გოგიტიძე
ზაურ გოგიტიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად საარჩევნო ბლოკმა – „თვითმმართველობა ხალხს“ წარადგინა. ანტიდისკრიმინაციული კანონი მისთვისაც მიუღებელია.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის პრიორიტეტები, მის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, „ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალდაქორწინებულთა ხელშეწყობა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებაა.“
ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია, აქვს ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობაც.
ზაურ გოგიტიძეს საკრებულოში უმრავლესობით შესვლის იმედი არ აქვს, ის და მისი გუნდი არჩევნებში საკრებულოში ფრაქციის შექმნის იმედით მონაწილეობენ.
გია კაკაბაძე
36 წლის ბიზნესმენი გია კაკაბაძე „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის“ პირველი ნომერია. მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ყოფილა, თვითმმართველობის არჩევნებში ძალების მოსინჯვა მეგობრის, გოჩა გუგუნავას თხოვნით გადაწყვიტა.
„ბიზნესში წარმატებას მივაღწიე. საკრებულოში ხელფასის გამო არ მივდივარ, ეს ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც გავაკეთოთ ერთად.“
საკრებულოში უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში არ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე თავად უნდა გახდეს, თუმცა თუ გუნდი გადაწყვეტს, წინააღმდეგობას არ გაუწევს. მისთვის პრიორიტეტი ადამიანების დასაქმებაა.
გია კაკაბაძეც მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყანას არაფერში სჭირდებოდა, რადგან „ჩვენ ტრადიციული ხალხი ვართ“. საკრებულოს წევრობის კანდიდატს არ აქვს პასუხი კითხვაზე, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას.