სიახლეები

ადვოკატი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის უდანაშაულობაზე

03.06.2014 • 1376
ადვოკატი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის უდანაშაულობაზე

სასამართლო პროცესზე  ბრალდებულის ადვოკატმა – ვაჟა ხახუტაიშვილმა დღეს სამი შუამდგომლობა დააყენა. პირველ შუამდგომლობაზე – მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა – მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უარი განაცხადა. მეორე შუამდგომლობაზე – საქმეში ჩაიდოს ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა, მოსამართლემ დასაშვებად ცნო. მესამე შუამდგომლობაზე – მოწმის სახით დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, მოსამართლემ თქვა, რომ საკითხზე თავის გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.

 

ვაჟა ხახუტაიშვილი: „მოწმეების უმეტესობა მიუთითებს, რომ ამ საკითხზე გამართულ შეხვედრებს [ბიზნესმენის გატაცება] უშიშროებაში  ესწრებოდა ჯემალ ქონიაძე. გამოძიებას აქვს დადგენილი, რომ  ფაქტი მოხდა ზაფხულში, მაშინ როცა, ამ ფაქტამდე სამი-ოთხი თვით ადრე ჯემალ ქონიაძე გარდაცვლილი იყო.  დღეს სასამართლოში ჯემალ ქონიაძის გარდაცვალების ცნობა წარვიდგინეთ.

 

ჩვენი შემდგომი შუამდგომლობაა დაიკითხოს გიორგი კუპრეიშვილი, რადგან  ყველა მოწმე,  ვინც ამ საქმეზე დაკითხულია, თითქოს მიუთითებს, რომ  შეხვედრები და საუბრები იმართებოდა კუპრეიშვილის კაბინეტში, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ასეთ ფაქტს  ადგილი  ჰქონდა. გამოძიებას დაკითხული ჰყავს კუპრეიშვილი, მაგრამ მისი ჩვენება გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლება  მტკიცებულების ნაწილი ხელახლა  გამოიკვლიოს. სწორედ ამისთვის ითხოვა დღეს ვადა სასამართლომ“.

 

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშმა ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან  ერთად 1996 წელს გაიტაცა ბიზნესმენი თამაზ გელაძე და მას 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონება და ფული გამოსძალა.

 

დავით ხალვაშს სახელმწიფო ასევე  ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კომპანია „არტი“მითვისება-გაძარცვა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევები. ბრალდებული ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის აღძრული. თუმცა დღეს სასამართლოს ამ ეპიზოდებზე არ უმსჯელია.

 

დავით ხალვაშმა საქართველო დატოვა 2004 წლის 6 მაისის შემდეგ, როდესაც აჭარის ყოფილი ლიდერი იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო. დავით ხალვაში საქართველოში წელს 22 აპრილს დაბრუნდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა ადმინისტრაციულ ორგანოებს.

 

მორიგი სასამართლო სხდომა 23 ივნისს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: