სიახლეები

ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

11.05.2014
ღია წერილი  ირაკლი ღარიბაშვილს

 

მოგეხსენებათ, რომ ჩემი ძმის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რაც კი მომხდარა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ვატყობთ, რომ სასამართლო არც თუ ისე გამართულად მიმდინარეობს და დღემდე არ დაკითხულან ის პირები, რომელთაც პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩემი ძმის საკანში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების მოთავსება.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა და ამავე დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯაბა მაღლაფერიძემ, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ პატიმრის ციხიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, მიპასუხეს, რომ ეს პატიმრები ჩემი ძმის საპატიმრო დაწესებულებაში, ჩემი ძმის საკანში, მათივე უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს.

 

თუ მათი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვეს, მაინტერესებს, რატომ არ დაიცვეს ჩემი ძმის ინტერესები? რატომ ჩააგდეს ჩემი ძმის სიცოცხლე საფრთხეში; უპასუხოდ რჩება ის კითხვაც, თუ რატომ დატოვა ციხის ადმინისტრაციამ ჩემი ძმა საკანში მარტო (ძველი თანამესაკნეები „გაკრიტეს“, მისი დაღუპისთანავე კი უმალ დააბრუნეს); როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, საკანში შელაპარაკების ხმა ისმოდა – თუ ეს მართლა ასე იყო, რატომ არ ჩაერივნენ, რატომ არ გადადგეს პრევენციული ნაბიჯები შესაძლო უბედურების ასაცილებლად;

 

ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ გვასვენებს; ჩვენ აბსოლუტურად გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი ეჭვები შესაძლოა, ემოციური ფონისა და მომხდარის ტრაგიზმის გამო, რეალობას აცდენილი იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დროულად, ეფექტურად და სამართლიანად გამოიძიოს ყველა გარემოება, დაისაჯოს არამარტო მკვლელობის ჩამდენი პირები, არამედ ყველა ის პირი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება იმ საშინელ ღამეს, როცა პატიმარი ფარტენაძე საკუთარ საკანშივე მოკლეს.

 

დეპარტამენტის თავჯდომარისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაკითხვა ან თუნდაც კითხვის დასმა, რატომ უნდა იყოს არამხოლოდ ჩემთვის, პროკურორისთვისაც შეუძლებელი, საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარია.

 

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, პირად კონტროლზე აიყვანოთ ამ საქმის გამოძიება და მოგვცეთ იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

 

 

ბათუმი ზ. გორგილაძის  #28.  ბ.4

მობ: 555989798

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: