ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამგებლის მოადგილემ ანზორ ფერცელაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ანზორ ფერცელაძის თქმით, ეკლესიის მშენებლობაზე ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.
„როგორც მე ვიცი, ეკლესიების 99 პროცენტი ასეა აშენებული. სამართლებრივად, მშენებლობის დროს გამგეობასთან შეთანხმება უნდა არსებობდეს. მაგრამ საპატრიარქოში არსებობს ხუროთმოძრვრების სამსახური და როგორც ვიცი ყველა ნაგებობაზე ზედამხედველობას ეს სამსახური ახორციელებს“, – აცხადებს გამგებლის მოადგილე ანზორ ფერცელაძე.
გამგეობის ინფორმაციით, მიწა, სადაც ეკლესია შენდება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაა: „მე როგორც ვიცი, 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცა ეს მიწა საპატრიარქოსთვის, ამის თაობაზე მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა“.
გუშინ ეკლესიის ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ისინი დაელოდებიან გამოძიების მასალებს და ვრცელ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. გამგეობის ინფორმაციით, ეკლესიის მშენებლობა შემოწირულობებით და უხარისხოდ ხორციელდებოდა.