სიახლეები

მურმან დუმბაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის დაკავების ფორმას აპროტესტებს

07.05.2014 • 1388
მურმან დუმბაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის დაკავების ფორმას აპროტესტებს

 

მურმან დუმბაძე: „არ ვიცი დაკავების მიზეზი რა არის; მიზეზი ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს აყვანის ფორმა – წესი და რიგი, რაც პრაქტიკულად გრძელდება ისე, როგოც იყო უწინ, ძველი ხელისუფლების დროს. არ ვარგა დესანტის გადმოსხმა, ათეულობით ადამიანის შევარდნა, ხელების გადაგრეხა, კარების მიკეტვა, სამსახურის გაჩერება.

 

ადამიანს თუ აქვს დანაშაული, მისი ადეკვატური რეაქციები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და უფრო თანაზომადი საშუალება უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ბრალი წაუყენო. მაგონდება რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ეგრეთ წოდებული ქრთამის აღება, რომელიც ვერ დამტკიცდა, ხელვაჩაურის გამგებლის ლევან ლორთქიფანიძის გადაცდომა – ქრთამის აღება, რომელიც ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ეს კაცი არის უდანაშაულო, არავითარ ქრთამთან არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი საქართველოში. მოდიან, ყველა რაღაცას ჰპირდება.

 

მე გუშინ ას ადამიანს შევხვდი, ასივეს რაღაცა დავპირდი, ყველას მოვეფერე, ყველას მივეთბუნე, ყველას დავპირდი, აბა რა ვქნათ არ დავპირდეთ ადამიანებს? და არ ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ზოგი დასაქმდეს, ზოგი სამსახურში მოეწყოს, ზოგი უფლებააყრილი თუა, ის უფლება დავუბრუნოთ. ალბათ ვიღაცას დაპირდა სამსახურში მიღება, მე ასეთი ეჭვი მაქვს. მე დილით დამირეკეს და სასწრაფოდ მოვედი. საათნახევრის განმავლობაში სამსახური იყო პარალიზებული. არ ვარგა ეს მეთოდი. მე ვარ ხელისუფლების წევრი და ჩემ თავს ვუწუნებ ამ ქმედებას.

 

მედეა ვასაძე: „საუბარია იმაზე, რომ ქრთამად აქვს აღებული თითქოს სამუშაოზე დასაქმების გამო 300 ლარი.  საიდან იქნა ამოღებული რეალურად ეს სამასი ლარი  არ ვიცით, რადგან ჩხრეკას მოწმე არ დასწრებია. არის ბევრი საეჭვო კითხვა.   გადაიყვანეს თბილისში, ალბათ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ დღეში განიხილავს აღმკვეთი ღონისძების საკითხს და ვნახავთ როგორ წარიმართება ვითარება. სასამართლოს განჩინების გარეშეა დაკავებული, თუმცა კანონი უშვებს  გამონაკლის შემთხვევას, მაგრამ ეს ოპერაცია რადგანაც იყო წინასწარ დაგეგმილი, ვფიქრობ, იდგა სასამართლო განჩინების აუცილებლობა“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: