სიახლეები

სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ

27.04.2014 •
სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის სამინისტროს მიერ შეძენა მნიშვნელოვანი დანახარჯებისგან გაათავისუფლებს სოფლის ექიმებს: „ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ მოუწევთ იმ დოკუმენტაციის შესყიდვა, რისი შეძენაც აქამდე თავიანთი ხარჯით უწევდათ, იქნება ეს „ფორმა ასი,“ ამბულატორიული ბარათი, საკანცელარიო საქონელი თუ სხვა რამ.“

 

სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს მუნიციპალიტეტების მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის დაფარავს, რომლებიც რამდენიმე სოფელს ემსახურებიან. თემის სამედიცინო პუნქტები კი კომუნალურ ხარჯებს ძველებურად, თავიანთი ხარჯით გადაიხდიან.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აჭარის სოფლის 170 ექიმი და 111 ექთანი, გარდა ხელფასის 30 პროცენტით გაზრდისა, მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველთვიურად სახელფასო დანამატსაც მიიღებს, მთაში მომუშავე ექიმები – 300 ლარს, ბარში მომუშავე ექიმები კი – 150 ლარს.

 

პირველი მაისიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს ექიმის ჩანთის ცენტრალიზებულ შესყიდვას, რაც სოფლის ექიმის მიერ ჩანთაზე გასაწევ ხარჯს 50 პროცენტით შეამცირებს. `მათ ერთჯერადად გადაეცემათ მედიკამენტების ჩანთა, შემდეგ კი დახარჯული მედიკამენტების შესავსებად მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გამოყოფს საჭირო თანხას,“  – განაცხადა ლევან გორგილაძემ.

 

წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მედპუნქტებისთვის 21 მაღალი გამტარობის ავტომობილის შეძენასაც გეგმავს. ამ ეტაპზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია გაეროს განვითარების ფონდთან, რომელიც ავტომობილების შესაძენად საჭირო თანხის 60 პროცენტს დააფინანსებს.

ლევან გორგილაძის თქმით, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნებისთვის წელს გადამზადების კურსებიც იგეგმება.

 

სოფლის ექიმებს ხელფასს აქამდე სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უხდიდნენ. მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა სადაზღვევო კომპანიები გადიან ამ საქმიანობიდან და სოფლის ექიმებს მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი