ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების ირგვლივ ქვაფენილი აყრილია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“-ის სამუშაოთა მწარმოებელი რეზო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ კოლონადების ირგვლივ ახალი ქვაფენილი უნდა დაიგოს. ახალი ქვაფენილების დასაგებად ბიუჯეტიდან 342 332 ლარი დაიხარჯება.
შესყიდვების მასალების მიხედვით, კოლონადების მოზაიკას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, სასტუმრო „ინტურისტის“ გასწვრივ არსებულ სავალ ნაწილზე კი ბუნებრივი გრანიტის ფილები დაიგება. „ბათუმის ბულვარმა“ ტენდერი 2014 წლის 30 იანვარს გამოაცხადა.
„ქვაფენილის შეცვლა იმიტომ დაიგეგმა, რომ მოზაიკა დამტვრეული იყო და წყალი დგებოდა. თვითონ კოლონადების იერსახე არ შეიცვლება, რადგან ისტორიული ძეგლია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მხოლოდ“- აცხადებს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი გურამ ჩიქოვანი.
მისივე ინფორმაციით, წელს გრანიტის ქვაფენილი ბულვარის ყველა ცენტრალურ შესასვლელში უნდა დაიგოს. მათ შორის: დუმბაძის, თავდადებულისა და 26 მაისის ქუჩების დასაწყისში. „გაკეთდება სანიაღვრე სისტემებიც“.
„ბათუმის ბულვარსა“ და კომპანია „მონოლითი 2005“-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2014 წლის 9 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
ბათუმის კოლონადები 1934 წელსაა აგებული და წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.