ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის გუშინდელ ბრალდებას დღეს, 18 მარტს ოფიციალურად პასუხობს.
ირაკლი ჩავლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და დოკუმენტად გაზეთ ”ბათუმელებში” ჟურნალისტ ნათია ზოიძის სტატია – ”ნაციონალური მოძრაობის”გამარჯვების ფორმულა” მოყავს.
„2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 940 აგიტატორი დაიქირავა და ქალაქის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი გამოყო. ჩვენ კი შევქმენით კომისია და ვცდილობთ დავეხმაროთ ქალაქში შეჭირვებულ მოსახლეობას. 200 განცხადებიდან 50- ს დავეხმარეთ. საარჩევნოდ მოსყიდვა რომ გვდომებოდა, ყველას განცხადებას დავაკმაყოფილებდით“- განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.
გიორგი კირთაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ბათუმის მერიის სარეზერვო ფონდიდან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია. მისი განცხადებით, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდება.