Batumelebi | მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ – Batumelebi
RU | GE  

მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ

 

რამდენად ხშირია თქვენ ირგვლივ შემთხვევებიროდესაც თქვენი თანატოლი სხვა თანატოლების მიერ  ჩაგვრის ობიექტი ხდება? რა შემთხვევაში ხდება ეს და რა არის ამის მიზეზი?  ამ კითხვაზე სკოლის მოსწავლეები პასუხობენ

 

 

ანა პერტაია: მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მაინც ნაკლებადაა შემთხვევები, როდესაც თანატოლები ჩაგრავენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას და შეგვიძლია დავიცვათ თავი გარკვეული შემოტევებისგან. საკმაოდ კარგად ვიცით ის კანონები, რომლებიც გვეხმარება ამაში. თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც უფროსკლასელები ჩაგრავენ პატარებს. ამას თუ გავითვალისწინებთ, ბულინგი ხშირია ჩვენ ირგვლივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაც ხდება, როდესაც უფროსი იგებს ამის შესახებ. ჩაგვრის ერთ-ერთი ფაქტორი მოზარდებს შორის შეიძლება იყოს თავის გამოჩენა, რომ მე შენზე ძლიერი ვარ, მე შენზე მეტი შემიძლია ან თუნდაც პირველობის დამტკიცება. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორი. მოზარდების ნერვული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და არ შეუძლიათ აკონტროლონ თავი. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოზარდს თავის დამკვიდრება უნდა და ვერ ხვდება უნებლიეთ რას აკეთებს. ჩემ ირგვლივ დაჩაგვრის შემთხვევები ფაქტობრივად არ ყოფილა. უფრო შევხვედრივარ, როცა ერთი მოზარდი მეორეს უნებლიეთ ჩაგრავს. მაინც ვფიქრობ, რომ ბულინგის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ფსიქიკაა, როდესაც ის უყურებს ტელევიზორში ძალადობის ამსახველ კადრებს ან თამაშობს ძალადობრივ თამაშებს, ის ხდება მოძალადე.

 

 

მარიამ შერვაშიძე: ხშირად გამიგია ამ პრობლემის შესახებ. მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვებიან მათი კლასელების შესახებ, რომლებიც იქცევიან ცუდად. ხშირად ეს ხუმრობით მოსდით ან მათი ჭკუით ხუმრობენ. ჰგონიათ, რომ არ უნდა ეწყინოს ადამიანს, მაგრამ ამ დროს შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, უქმნიან დისკომფორტს თანატოლებს, მეგობრებს ან კლასელებს. ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ობიექტი, რომელიც არც თუ ისე გამორჩეულია და გამოკვეთილია თავისი ცოდნით ან ეგრეთ წოდებული „კაი ბიჭობით~, უბანში დგომით. ხშირად ასეთი სუსტი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ უნარი გასწიონ წინააღმდეგობა, ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. ჩემ ირგვლივ და ჩემს კლასში ასეთი რაღაცები არ ხდება. არასდროს მინახავს, როგორ ჩაგრავენ ჩემი კლასელები ერთმანეთს. ერთმანეთი შეიძლება წააქეზონ ხუმრობით, მაგრამ ეს თვითონ იმ ადამიანსაც კი არ აღიზიანებს. იშვიათად შეიძლება გადამეტებულად მოუვიდეთ. ამის მიზეზი არის: ასაკი, არასწორი აღზრდა და თავის დამკვიდრება. ამის აღმოფხვრა შეიძლება ცნობიერების ამაღლებით, რომ თითოეული ადამიანი არის თანასწორი. მართალია, დღევანდელ მოზარდებზე ვამბობთ, რომ უფრო ტოლერანტულად არიან აღზრდილები, მაგრამ არ არის ასე. დღემდე არის მისათითებელი, რომ ვიღაცას არ აქვს ქართული გვარი. ხშირად იჩაგრება ეთნიკური უმცირესობა.

 

 


გივი
ბიბილეიშვილი: ჩემ ირგვლივ ძალადობა იშვიათად ხდება, უფრო სწორად არც ხდება, მაგრამ ხშირად გამიგია ძალადობის შესახებ ჩემს თანატოლებში ან ცოტა მოზრდილებში. და ეს ყოფილა ეგრეთ წოდებული ვითომ „ქურდული გარჩევები~ და მერე ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ჩხუბობენ და ფიზიკურად ძალადობენ ერთმანეთზე. მსგავსი ფაქტები გამიგია. ხშირად იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები. გამიგია, თურმე ერთი ბავშვი არ ყოფილა სომეხი, მაგრამ მიამსგავსეს და მერე დასცინოდნენ და უძახოდნენ „შე სომეხოო~. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ასაკი და სნობობა. ქართველები ვართ სნობები და ამიტომ დავცინით სხვა ერის წარმომადგენელს. კიდევ  ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ არ იცის გამრავლების ტაბულა და ეს ხდება მთელი კლასის დაცინვის და განხილვის საგანი. ხშირად გვისაუბრია სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ბულინგზე. ამიტომ მე და ჩემმა კლასელებმა კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ თავი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ბერიძე (მოხალისე)