ნეტგაზეთი • RU

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა საჯარო მოხელეებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეებს მიმართავს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მიმართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებისთვის ამავე გაზეთის ვებგვერდზე, აუდიოჩანაწერის თანხლებით, 15 თებერვალს გახდა ცნობილი.

 

 

ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ გამგებლის გაღიზიანება ჟურნალისტის მხრიდან არასასურველ შეკითხვას მოჰყვა, რის შემდეგაც მან მეგრელიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გინებით მიმართა.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელშიც დაადასტურა „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე.


ბოდიშის მოხდის ფაქტი მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული, ანუ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა ბოდიშს, როგორც პასუხისმგებლობის ზომას, არ ითვალისწინებს.


აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად “საჯარო სამსახურის შესახებ” და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"