დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მაჭახლის თემს სამგზავრო ავტობუსი ექნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მაჭახლის თემის სოფლებისთვის სამგზავრო ავტობუსის შეძენის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.
სამგზავრო ავტობუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასული წლის ბოლოს 75 ათას ლარად შეიძინა. მანამდე მაჭახლის თემს წლების განმავლობაში ამორტიზებული ავტობუსი ემსახურებოდა, რის გამოც მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ბევრჯერ გამოთქვა პროტესტი.
გამგეობამ სამგზავრო ავტობუსის იჯარით გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ელდარ ნაგერვაძემ ტრანსპორტის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით გამგეობას განცხადებით მიმართა.
2014 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ელდარ ნაგერვაძეს მაჭახლის თემის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით ავტობუსი გადასცეს.
მოიჯარე ვალდებულია, განახორციელოს ყოველდღე ორი მარშრუტი ზედა ჩხუტუნეთი-ბონის კულტურის სახლის მიმართულებით.