Batumelebi | ბიზნეს სუბიექტები და მათი სამართლებრივი სტატუსები ბიზნეს სუბიექტები და მათი სამართლებრივი სტატუსები – Batumelebi
RU | GE  

ბიზნეს სუბიექტები და მათი სამართლებრივი სტატუსები

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2013 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 477 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.6 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.4 პროცენტი – არასამეწარმეო სუბიექტი. ამასთან, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.1 პროცენტით შემცირდა. 

 

გასული წლის დეკემბერში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 108 ერთეული) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 223 ერთეული) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა აბსოლუტური უმეტესობა (95.8 პროცენტი) მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.

 

ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 114 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 კოოპერატივი, 5 სააქციო საზოგადოება, 5 საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 კომანდიტური საზოგადოება.

 

ქვეყანაში 2013 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ ჯამში 47 792 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.4 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო დანარჩენი – არასამეწარმეო სუბიექტი. გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით კი, მთლიანობაში გაიზარდა როგორც რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების (7.8 პროცენტით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების (42.9 პროცენტით) რაოდენობა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"