Batumelebi | აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები – Batumelebi
RU | GE  

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები

 

დღეს, 18:00 საათისთვის ექვსმა კანდიდატმა შეიტანა განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა სარჩელი უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასარჩელო განცხადებით, საია ითხოვდა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის არჩევის კანონიერების შესწავლას. 

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ხალვაშის ინფორმაციით, 17:30 საათისთვის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები შეიტანეს სოსო სტურუამ (მოქმედი დირექტორი), მირანდა ჩარკვიანმა (სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომელი), ირაკლი თავართქილაძემ (საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში), სულხან მელაძემ (კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ყოფილი პრესსპიკერი) თამილა დოლიძემ და თინათინ ცისკარაძემ (ჟურნალისტები).

ზაზა ხალვაშის ინფორმაციით, ზოგიერთ კანდიდატს დოკუმენტები სრულად არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მათ ხარვეზის შესავსებად მისცემენ კანონით დადგენილ ორ დღეს…

დირექტორის დამტკიცების ბოლო ვადა 23  დეკემბერია.

ზაზა ხალვაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დირექტორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით არავითარი ზეწოლა უმაღლესი საბჭოდან თუ აჭარის მთავრობიდან სამეთვალყურეო საბჭოზე არ ხორციელდება. „სიმართლე გითხრათ, ამაზე იმდენად დიდი მითქმამოთქმა იყო, რომ ცოტა მიკვირს კიდეც“, – უთხრა ზაზა ხალვაშმა ნეტგაზეთს.

წინასწარი ინფორმაციით კი, აჭარის ტელევიზიის დირექტორად სამეთვალყურეო საბჭო სოსო სტურუას დამტკიცებას აპირებს. ამ საკითხზე კომენტირებისას ზაზა ხალვაში ამბობს, რომ „არავის არ აქვს გარანტირებული ადგილი. ყველაფერს საბჭო გადაწყვეტს კანონის შესაბამისად“

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს. თავის მხრივ სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ცოტა ხნის წინ და კანონის დარღვევით, როცა ხუთივე ვაკანსია მმართველი კოალიციის კანდიდატებით დააკომპლექტა, ანუ ოპოზიციის კვოტებიც მიითვისა.

უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა. სასამართლომ საბჭოს ორ წევრს – ოლიკო ჟღენტსა და ვახტანგ ღლონტს უფლებამოსილების ვადა  შეუჩერა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორედ ამ ორი წევრის არჩევის კანონიერების საკითხი განიხილა. გადაწყვეტილებას საქმეზე სასამართლო 19 დეკემბერს გამოაცხადებს.

შესაბამისად, აჭარის ტელევიზიის დირექტორს სამეურვეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრი დაამტკიცებს.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, მანამდე ის აჭარის ხელისუფლების საქვეუწყებო დაწესებულება იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"