სიახლეები

სოციალურად დაუცველების გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში

26.09.2013
სოციალურად დაუცველების გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში

იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ახალი ხელისუფლება, პირადად ბიძინა ივანიშვილმიც კი შეპირდათ დაბალპროცენტიანი სესხებით დახმარებას.

„საპარლამენტო არჩევნების მერე იპოთეკით დაზარალებულები ქუჩაში ვართ. ახლად არჩეული ხელისუფლება გვპირდებოდა პრობლემის მოგვარებას. გვიჭირდა, ამიტომ შევაჩერეთ პროცენტების შეტანა. პროცენტი პროცენტს ემატებოდა, ვერ გადავიხადეთ და დავრჩით უსახლკაროდ. ნუთუ ამდენ ლტოლვილებსა და უსახლკაროებს ჩვენი უსახლკარობაც უნდა დაემატოს. ახლა უკვე არჩევნები მოდის და ვიცით ვის უნდა მივცეთ ხმა,“ – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი კერძო იპოთეკით დაზარალებული ვარდო თურმანიძე.

აქცია დღის 4 საათზე მერიასთან უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. იქ შეკრებილებმა ხელვაჩაურში თვითნებურად შესახლებულებისთვის დენის მიწოდება და სანიტარიული მდგომარეობის მოწესრიგება მოითხოვეს.

„არა გვაქვს შუქი. მეორე ზამთარი მოდის რაც სიცივესა და ანტისანიტარიაში ვიმყოფებით. შუქს არ გვირთავენ, თვითნებურად შესახლებულები ხართო. 11 წლის ბავშვი მყავს, ქმარი კი ციხეშია,“ – გვიყვება ხელვაჩაურში მცხოვრები ზეინაბ გურგენიძე.

აქციამ მსვლელობით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ქუჩებში სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას“ და ხელში დაჭერილ ალუმინის ქვაბებსა და კოვზებს ახმაურებდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე აღნიშნავს, რომ ეს აქცია ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსეს, როცა განაცხადეს, რომ თუკი ხელისუფლება ამ ადამიანების სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებდა სექტემბრიდან დაიწყებდნენ მასშტაბურ გამოსვლებს:

„ეს გამაფრთხილებელი აქციაა, იმ დიდი აქციებისა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით. თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და ხალხის პრობლემებს არ მიხედავს, ხალხი მოიყვანს იმ ხელისუფლებას, რომელიც იზრუნებს ხალხზე,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ სოციალურ სამართლიანობას არ მიაღწევენ. მათივე თქმით 29 სექტემბერს ისინი კვლავ მოაწყობენ საპროტესტო მიტინგს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.