სიახლეები

საფო კობალაძის სასამართლო უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კვლავ გადაიდო

24.09.2013
საფო კობალაძის სასამართლო უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კვლავ გადაიდო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწის, სოფიო კობალაძის სასამართლო გაიმართა. სოფიო კობალაძე უმაღლეს საბჭოს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავება. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საჭიროდ ცნო საქმეში მესამე პირის ჩართვა, რის გამოც პროცესი 2013 სლის 2 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლო დისკუსიის ხანგრძლივობის გამო ვერც მოწმეების დაკითხვა მოესწრო.



პროცესის მსვლელობის დროს სოფიო კობალაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ დარბაზში ლია ვაჩეიშვილის ყოფნა გააპროტესტა, რომელსაც ამჟამად სოფიო კობალაძის ყოფილი თანამდებოდა უკავია. სწორედ ლია ვაჩეიშვილი გამოცხადდა საქმეში მესამე პირად. სასამართლო სხდომის დახურვის შემდეგ ირაკლი შავაძემ განაცხადა:


„მედეა ვასაძის თანაშემწე, რომელიც არ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოს, როგორც მხარეს, სამუშაო საათებში იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. ფაქტობრივად, დღეს ის აცდენდა სამუშაოს. რისთვის ვიხდით ჩვენ შემოსავლების ოც პროცენტს, იმიტომ რომ ქალბატონმა მედეამ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომელი მოავლინოს სასამართლოში იმის გასაგებად, თუ ვინ რას იტყვის?“


ლია ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. პროცესზე დასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის მას არ განუმარტავს.


სოფიო კობალაძის უფლებების დამცველები ირაკლი შავაძე და ადმინისტრაციულ საკითხებში უფლების დამცველი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ჟანა ჩიქოვანი, საქმის ობიექტურად განხილვისთვის კვლავ ითხოვენ მოწმის სახით მედეა ვასაძის დაკითხვას.


როგორც მოსამართლე ამბობს, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება ეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას სამუშაოს აღდგენასა და გაცდენილი დროის ანაზღაურებას. 16 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომაც მხარეთა შორის შეთანხმებას განიხილავდა, რაც დადებითად ვერ გადაწყდა.  პროცესზე უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ – გელა ღოღობერიძემ და კახაბერ კახიძემ მომჩივან მხარეს აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოში ამჟამად თავისუფალი თანამდებობა არ არსებობს.


სოფიო კობალაძე მხარეთა შორის შეთანხმებაზე აცხადებს:


„დავთანხმდები თუ არა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მე დავაფიქსირე წინა სხდომაზე, რომ იგივე ანაზღაურებად ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ვიქნები თანახმა“.


კომენტარი არც უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ გააკეთა.


სოფიო კობალაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანაშემწეობიდან 2013 წლის 7 ავვისტოს გაათავისუფლეს. ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2000 ლარს იღებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: