ორი დღის წინ აჭარის უმაღლესის საბჭოს თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მხრიდან ჟურნალისტრის შეურაცყოფის ფაქტზე აჭარის უმაღლესის საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

„გაზეთ “ბათუმელებში” (9-15 სექტემბერი) 34-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას – “ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად” უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მხრიდან მოჰყვა სრულიად გაუმართლებელი და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასებები. ამას არა მარტო აღნიშნული გაზეთის, არამედ სხვა მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი და მწვავე რეაქცია მოჰყვა, რაც “პრესკაფეში” 2013 წლის 11 სექტემბერს 14 საათზე გამართულ და ამ ფაქტისადმი მიძღვნილ შეხვედრაზეც ითქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
მათ დაგმეს საჯარო მოხელის მხრიდან მედიის მისამართით ამ ფორმით გამოთქმული შეხედულებები და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოითხოვეს შესაბამისი რეაგირება.
მომხდართან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური გაცნობებთ, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა გუშინვე, დაახლოებით სამი საათისთვის, მოხსენებითი ბარათით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს და მოითხოვა ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
გუშინვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატმა დაიწყო ადმინისტრაციული მოკვლევა. ჩვენ ხელთ გვაქვს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, ბატონი რამაზ ბოლქვაძის შესაბამისი ბრძანება. გადაწყვეტილება და სამართლებრივი შეფასება საჯარო მოხელის ქმედებაზე მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.