სიახლეები

წყვილი წიგნების მაღაზიიდან

26.07.2013 • 3737
წყვილი წიგნების მაღაზიიდან

ჩვენ

თომა კაკაბაძე: გაცნობიდან დავიწყებ. დავინახე თუ არა, მაშინვე რაღაც მოხდა. შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ისე არ ჩაივლიდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ინტელექტუალური თამაშებია, „რა? სად? როდის? მსგავსი, „სვაიაკი“ ჰქვია და იქ გავიცანი. ოქტომბრის საღამო იყო, არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი.  არასტანდარტული გარეგნობა ჰქონდა. თავზე ეხვია გრძელი წვრილი ლენტი. მერე უკვე ხმა რომ ამოიღო, მეთქი ჰო. ის თამაში მოვუგე. შემდეგ რაღაც დავმეგობრდისავით. ერთად დავდიოდით.  ვხვდებოდი, რომ მომწონდა და მომწონდა. მერე ერთ დღეს გინდა თუ არა რაღაც წიგნი უნდა გათხოვოო. არ მინდოდა ეს წიგნი. მივხვდი, რომ მიზეზს ეძებდა შეხვედრისთვის. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი დიდი სიხარულით. მერე მითხრა მომწონხარო, ძალიან გამიხარდა და ეგრევე ვუთხარი მეც-მეთქი. ანუ საერთოდ არ მიწვალებია. საერთოდ.

ირაკლი ბაკურიძე: იგივე ისტორია ჩემი ინტერპრეტაციით. საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი და პირველად დავიწყე  „სვაიაკის“ თამაში. მივედი თამაშზე, სადაც ველოდი რაღაც სტანდარტულ გოგო-ბიჭებს. უცებ ვხედავ გოგონას, რომელსაც თმა აქვს გადაპარსული და რომელიც სახლიდან გამოსულია ფანელის დიდი საროჩკით, მამამისის იყო მგონი. ვიფიქრე, ეს ჩვეულებრივი გოგო არ არის-მეთქი. საერთოდ არ ვიბნევი ხოლმე, მაგრამ ისე დავიბენი, ძალიან ცუდად ვითამაშე. იმის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი შევხვედროდი. დავიწყე ექსკურსიებზე სიარული, მეგობრების აგარაკებზე და მოკლედ, ირაკლი ირაკლის არ ჰგავდა. ერთხელ მიმოწერა გვქონდა ფეისბუქზე და გოგოლზე ჩამოვარდა საუბარი. „რუსული ლიტერატურა იწყება გოგოლით“ – დოსტოევსკის სიტყვები ვთქვი. მარიმ გოგოლზე გამიჭედა. მეთქი რას ჭედავ. ძალიან გამიკვირდა, რომ არ ჰქონდა წაკითხული გოგოლის „შინელი“.   ვუთხარი გათხოვებ-მეთქი. სადღაც კაფეში დავსხედით. სახლში რომ ვაცილებდი, ვუთხარი,  ძალიან მომწონხარ-მეთქი. შემომხედა და მეც მიყვარხარო – მითხრა.

მარი: აი, ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამას იტყოდა! ამ ამბიდან ექვს თვეში დავქორწინდით. სულ ვამბობ, რომ ირაკლი არის ძალიან არასტანდარტული ქმარი. ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჩემი პირადი სივრცე ყოფილიყო დაცული და ჩემი თავისუფლება – ხელშეუხებელი. მეც ჩემი მხრივ იმავეს ვაპირებდი იმ ადამიანთან, ვისთანაც ვიცხოვრებდი. ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა ზოგადად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეუზღუდავი თავისუფლება მაქვს. უბრალოდ არ ვიცი, რაღაც საოცრად მენდობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ყველაფერში მეხმარება ყოველთვის. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მხარს მიჭერს. ჩემი წარმატებები ჩემზე მეტად უხარია. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თუნდაც ეს მაღაზია.

ლეა

მარი: ლეას არსებობის დღიდან ყველაფერი შეიცვალა. დედებმა იციან, შვილი უჩნდებათ და  უცებ ზღვა სიყვარულს გრძნობენ. ჩვენთან ასე არ იყო. თავიდან მე და ირაკლი პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. ის ეიფორია, რაც ხალხს ბავშვის გაჩენასთან ერთად აქვთ ხოლმე, ჩვენ ახლა დაგვეწყო. სტრესში ვიყავი. მეგონა, რომ ერთმანეთისთვის დრო არ დაგვრჩებოდა, დაიწყებოდა კონფლიქტები, აზრთა სხვადასხვაობა, ნერვები დაგვაწყებოდა და ა.შ. ყველაფერი საშინელებისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ბავშვი დაიბადა რაღაც უბუნჩულესი, დიდი ადამიანივით ცხოვრობს დაბადების დღიდან. ყველაფერი შეცვალა.

მე ბევრად უფრო კეთილი გავხდი და უფრო შემწყნარებელი  სამყაროს და ადამიანების მიმართ. უფრო ვპატიობ ადამიანებს, ვიდრე ლეამდე. ჩვენს ურთიერთობებშიც შეცვალა ბევრი რამე, თითქოს თავიდანვე იყო მტკიცე ურთიერთობა, მაგრამ ლეას გაჩენის შემდეგ უკვე ოჯახი ვართ. ლეამ შეკრა წრე.

წიგნების მაღაზია

მარი: წიგნების მაღაზია არის ჩვენი მეორე შვილი.

ირაკლი: მე ბათუმელი ვარ, მაგრამ ბოლო 15 წლის მანძილზე 2 წელი მაქვს ნაცხოვრები ბათუმში. არც ვაპირებდი ცხოვრებას, ვამბობდი, რომ 45-ს რომ გადავაბიჯებ, მერე ჩამოვალ საკუთარ ქალაქში და ამაზე კარგ ქალაქს საცხოვრებლად რას ინატრებ. როდესაც ჩვენი იდეისთვის ფრთის შესხმა დავიწყეთ, გადაწყვეტილი გვქონდა თბილისში გახსნა. კიდევ კარგი, რომ გადავიფიქრეთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდია თბილისი, უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლებოდა, წრეც ძალიან დიდი გვყავს, მაინც ბათუმი არის ის ქალაქი, სადაც უნდა გაგვეხსნა. მე ვთვლი, რომ ბათუმს ეს მაღაზია სჭირდებოდა.  მაღაზიის  შექმნის პერიოდში ლეა იყო ადამიანი, რომელმაც გადაგვატანინა ყველა სიძნელე. შეიძლება ძალიან განსაკუთრებული არ იყოს ჩვენი მაღაზია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ოფლით არის შექმნილი. დიდი ნერვების ფასად დაგვიჯდა. არამარტო ინტერიერი, რემონტი, იქ შეთანხმებები სახელმწიფო უწყებებთან, ნომენკლატურის გავლა. ამ ყველაფერს ჩვენი ლეა ისეთი ღიმილით ეგებებოდა, რომ არ არსებობდა სხვა გზა, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. ჩვენი მაღაზია შეიქმნა ჩვენი თავდადებით, ჩვენი ოჯახებისა და მეგობრების უზარმაზარი მხარდაჭერით.

მარი: მე ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც გამორჩეული მეგობრები მყავდა, მაგრამ ზოგადად არ ვიცი, მეგობრობის შესაძლებლობებში თუ იჯდა ამდენი რამ, ვერ წარმოვიდგენდი. უცხო ადამიანებიც ძალიან დაგვეხმარნენ.  იგივე ჩავდივართ კიევში, ადამიანს ვეკითხებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გზას. ქალმა  ყველა საქმე გადადო და ორი საათის  განმავლობაში კიევის ქუჩებში დაგვყვებოდა.  ყველა ის ჯურღმული გვასწავლა, საიდანაც შეიძლებოდა წიგნები წამოგვეღო. აი, ასეთი ადამიანები გვყავდა ძალიან ბევრი.

ირაკლი: მგონი, ჩვენც  ვასხივებდით იმას, რისი სურვილიც გვქონდა, რისკენაც მივდიოდით. მართლა კეთილშობილი სურვილებით გვაქვს ეს გაკეთებული. მართალია, სადაც ფული შედის, ეს უკვე ბიზნესია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაა ბიზნესი.

მარი: სულერთი არ იყო რესტორანს გავხსნიდით თუ წიგნების მაღაზიას. სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, ჯერ კიდევ მანამდე გვინდოდა. ორი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად ოცნებობდა წიგნების მაღაზიაზე, დაქორწინდა, მერე აღმოაჩინეს, რომ  საერთო ოცნება ჰქონიათ.

პროფესია

მარი: მე იურისტი ვარ. რაღაც მცდელობები მქონდა. არ ვიცი, შეიძლება ოდესმე ან ძალიან მალე დავუბრუნდე. ახლა ვთვლი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ირაკლი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა,  საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. რაღაცნაირად მეც და ირაკლისაც  თავი მოგვაბეზრა განსაზღვრულ გრაფიკში მუშაობამ, რუტინამ, საჯარო სამსახურმა. ჩემთვის მძიმე იყო, ირაკლისთვისაც. ცხოვრებამ დაგვღალა-მეთქი – ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვართ. მაგრამ აღარ გვინდოდა გვქონოდა ის გრძნობა,  ორშაბათის მოახლოება რომ გზაფრავს. ყველაზე ძალიან რაც გვინდოდა – გვაქვს.  ამაზე ვოცნებობდით.

ირაკლი: ამასწინათ იმ გრანდიოზული რაღაცებისთვის ვუხდიდით მადლობას ჩვენს მეგობრებს, რაც ჩვენთვის გააკეთეს.  ერთმა მეგობარმა მითხრა, ეს რაც ხდება, არც გასაკვირია და არც სამადლობელი, იმიტომ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ დაგეხმარათ, რეალურად ოცნებობს საკუთარ წიგნების მაღაზიაზე და დაინახეს, რომ ეს ოცნება შეიძლება ასე, არაფრისგან განხორციელდეს და ყველამ თავისი წვლილი ჩადოო. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ  ეს ადგილი გახდება ბათუმელებისთვის ერთ-ერთ ძალიან საყვარელ ადგილი და თავისთვის სასურველ წიგნებს მიაგნებენ.

თამაში

მარი: რა? სად? როდის? – ეს არ არის თამაში. ეს არის  ცხოვრების წესი, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა ჩვენს ცხოვრებაში. მილიონი რამის გადადება შეგვიძლია თამაშის გამო. საქორწინო მოგზაურობის მაგალითად, ქორწილის არგადახდა, ჯვრისწერის საღამოს ათ საათზე ჩატარება… ბევრი უცნაურობა გვაქვს ჩადენილი თამაშების გამო. ცხრა თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, ღამეებს ვათენებდი  თამაშის გამო.

ირაკლი: ეს არის მთელი ცხოვრების სიყვარული. ამბობენ ვიღაცაზე, ეს ადრე თამაშობდა. მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი თამაშობდეს და მიატოვოს. ყოფილი „კაგებეშნიკივით“ არის, ყოფილი მოთამაშეები არ არსებობენ. ჩვენ თუ რამეს წარმოვადგენთ, დიდი დამსახურებაა თამაშის. ძალიან ცუდია, რომ აკავშირებენ, ვიღაც იმიტომ კითხულობს წიგნებს, რომ კარგად ითამაშოს. ასეთი ხალხი მგონი არსებობს, მაგრამ არაპატივსაცემი ხალხია.

მარი: როგორ მივდივართ პასუხამდე? მთავარია ილაპარაკო. ყველამ უნდა ილაპარაკოს, გუნდი არ უნდა გაჩერდეს, შეიძლება ვინმემ ისეთი სიტყვა წამოისროლოს, რომ შენ ასოციაციურად აგენთოს წითელი. რამდენჯერ მინანია, ხომ ვფიქრობდი, რატომ არ ვთქვი.  ჯერ კითხვის გახსნა, ინფორმაციის დამუშავება, მერე კამათი, მერე კაპიტანი რას  ამოირჩევს… ის, რაც ტელევიზორში ჩანს, აისბერგის წვერიც არაა. იქ მაინც კამერების წინ თამაშობ, ბევრი კომპლექსია. მთავარი სული ტრიალებს სპორტულ `რა? სად? როდის~ -ში. ბოლო წამზე რომ გამოაძრობ პასუხს, ღმერთო, რა ბედნიერებაა.

მწერლები

ირაკლი: დოსტოევსკი და ბულგაკოვი

მარი: ფოლკნერი და ვირჯინია ვულფი. თანამედროვეებიდან ორივეს გვიყვარს კუტზეე, კინგი, კუნდერა.

მუსიკა

მარი: მაგაზე ვერ ვთანხმდებით. ერთადერთი, რაზეც ვერ ვთანხმდებით და ვერც შევთანხმდებით, არის მუსიკა. მე უფრო ინდი როკი მიყვარს, ალტერნატივა. ირაკლის უფრო პანკ როკი.

ირაკლი: ფსიქოდელიური როკი მიყვარს. ერთმანეთისგან რითიც ძალიან განვსხვავდებით არის ის, რომ მარის შეუძლია წიგნი იკითხოს, ამ დროს მელაპარაკოს, ამავე დროს  მუსიკას უსმინოს, ტელევიზორიც ჩართული იყოს და ლეაც ხელში ეჭიროს. თან  ძალიან ყურადღებით კითხულობს. მე როდესაც ვკითხულობ, ხმა არავინ უნდა გამცეს.

საით მივყავართ ოცნებებს

მარი: არ ვიცი. მე ძალიან შორს წამომიყვანა. გული ამიჩუყდა ახლა. ყველაფერი კარგისკენ, საუკეთესოსკენ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ყველაზე დაუჯერებელიც კი შესაძლებელია. ჩემმა ცხოვრებამ დამარწმუნა, მართლა ყველაფერი შესაძლებელია. მე ზღვის პირას ჩამომიყვანა ჩემმა ოცნებებმა და ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე კარგ ქალაქში დამასახლა. ისეთი რაღაცები გამაკეთებინა, რაც ვერ წარმომედგინა. ყველას თავის გზაზე წაიყვანს თავისი ოცნება.

ირაკლი: ოცნებასაც გააჩნია. ხანდახან ვფიქრობ, ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია, რომ არ დამთავრდეს. მინდა, რომ ეს სულ, სულ გაგრძელდეს.

გადაბეჭდვის წესი