სიახლეები

ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა

29.03.2013
ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა

გენო თებიძის განცხადებით საკრებულოში სოციალურად დაუცველი პირების 900-მდე განცხადებაა შესული, რომლებიც ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულომ აჭარის მთავრობას უნდა მიმართოს. „ვფიქრობ ამ ოჯახებისთვისაც უნდა გამოიძებნოს ბინები სოციალურ სახლებში“-ამბობდა გენო თებიძე.

„არ მინდა დავიჯერო რომ გენო თებიძე საკითხში ვერ ერკვევა, სოციალური სახლი ბარაკებში მცხოვრები ადამიანების ბინით უზრუნველყოფას ნიშნავს სწორედ, ამიტომ ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს უნდა გადაეცეს, ეს თუ არ გესმით კარგად არის თქვენი საქმე“- განაცხადა გიორგი კირთაძემ გენო თებიძის მისამართით.

ბარაკების საკითხი საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ გამოიტანა. მისი განცხადებით, სოციალური სახლების მშენებლობის დროს აჭარის მთავრობასთან არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ბინების გარკვეული ნაწილით ბარაკებში მცხოვრები ოჯახებიც დაკმაყოფილდებოდნენ, „თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულდა. თუკი ბარაკებში მაცხოვრებლებს ბინებს გადასცემდნენ, ის მიწა გამოთავისუფლდებოდა და ახლი პროექტი განხორციელდებოდა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია შემოდის წინადადებით რომ საკრებულომ აჭარის მთავრობას სთხოვოს რომ ბინების ნაწილი ან გადმოსცეს ქალაქს, ან თვითონ გაუნაწილოს ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს“.

„ნაცმოძრაობის“ ფრაქციის წინადადებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რასაც ბარაკებში მცხოვრები პირების გაღიზიანება მოჰყვა.

„წლებია, ბარაკებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობთ. ვირთხებთან ერთად და ეკომიგრანტი რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენზე ადრე ბინით. დამთავრდა! ბენზე, ბენზელებს, ქედელს მისცენ ქედაში“-აცხადებდნენ სხდომაზე მოსული ადამიანები. ისინი ბინებს ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლებში მოითხოვენ.

„ამიხსენით რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი, მაინც და მაინც უნდა დავიღუპო რომ მერე თქვან ბინა ეკუთვნოდაო? მეც სოციალურად დაუცველი ვარ. ჩვენზე წინ უნდა შევიდნენ ხულოელი, შუახეველი და მე ვერ უნდა მივიღო ბინა?“- აცხადებს ბარაკში მცხოვრები ჟუჟუნა გორგილაძე.

ბენზეს და ქალაქის სხვა უბნებში, ბარაკებში მაცხოვრებელ ოჯახებს ახალი ბინები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეპირდნენ: „ბინების მშენებლობა რომ დაიწყეს ბენზეში, გვითხრეს თქვენც გადმოგცემთო, მაგრამ შემდეგ დევნილები შეასახლეს, ახალ ეკომიგრანტებს აძლევენ ბინებს, ჩვენ რა ვქნათ, ვუყუროთ როგორ აძლევენ ჩვენზე წინ ეკომიგრანტებს ბინებს?“

მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს დაპირისპირება იმ დაპირისპირება ისე დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ბათუმი ბარაკების გარეშე“ საპრეზიდენტო პროგრამა იყო და ახალი ბინების მიცემის დაპირებაც მიხეილ სააკაშვილმა გასცა: „რადგან ეს პროგრამა ბოლომდე არ მიიყვანეს, ახლა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს. გამოყოს თანხა თავისი ფონდიდან, 3-4 მილიონი რომ ჩვენ გამოვძებნოთ მიწა და ამ ადამიანებს ავუშენოთ სახლი“.

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, სოციალურ სახლებში ეკომიგრანეტბი შესახლდებიან და „ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. ჩვენ ვაპირებთ ბარაკების პრობლემა გადავწყვიტოთ, მაგრამ არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“-აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ბოლის გადაწყდა, რომ საკრებულოში შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ხელმეორედ შეისწავლის როგორც სოციალურად დაუცველების, ასევე ბარაკებში მაცხოვრებლების პრობლემას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: