სიახლეები

მინისტრი გადადგომას აპირებს?

18.02.2013
მინისტრი გადადგომას აპირებს?

„ვერ დაგიდასტურებთ, დღეს კანცელარია არ მუშაობს, თანამშრომელთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხე.“- განაცხადა მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სირაბიძემ, გუშინ 17 თებერვალს, „ბათუმელებთან“ საუბარში.

 

თავად მინისტრის, გიორგი თავართქილაძის, მობილურ ტელეფონს კი თანაშემწემ, იური ფენმა უპასუხა: „მინისტრი მივლინებაშია და ვერ გიპასუხებთ, მე კი შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მინისტრმა განცხადება დაწერა გადადგომაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.“

მინისტრის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში მის მიერვე გაჟღერებულ 40 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებულ განცხადებას უკავშირებენ. მინისტრის ამ განცხადებას გასულ ორშაბათს უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრი ეკატერინე თარგამაძე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სახელით გიორგი თავართქილაძისგან გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მეტი დაკონკრეტება ითხოვა.

 

აჭარაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, „ყოველი ახალი ინვესტიცია, რეგიონის ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და სპეციფიკაზე იქნება მორგებული, ამის საშუალებას კი აჭარის სივრცითი მოწყობის პროექტი ქმნის. აღნიშნული დოკუმენტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების განსაზღვრის საშუალებას, სექტორების მიხედვით იძლევა. 

 

ტრადიციები, გეოგრაფიული და ლანდშაფტური მახასიათებლები, თავად აჩენენ ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას, თუმცა, მთავარია, კაპიტალდაბანდებებს სწორი მიმართულება მიეცეს. რეგიონში მალე წარმოდგენილი იქნება გაცილებით მეტი დაინტერესებული ქვეყნის ბიზნესწრეები, ვიდრე აქამდე იყო, ეს კი საუკეთესო საშუალება იქნება აჭარის მრავალმხრივი განვითარებისთვის.“

 

რა კაპიტალდაბანდებებსა და კონკრეტულად რა პროექტების დაფინანსებაზე საუბრობდა მინისტრი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოსასმენად უმაღლესი საბჭოს უმცირესობის ფრაქცია გიორგი თავართქილაძეს სხდომაზე ამ დღეებში მიიწვევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: