მთავარი,სიახლეები • •

რატომ ხმება თხილი და როგორ შეუძლიათ ფერმერებს ბაღების გადარჩენა

12.10.2026
რატომ ხმება თხილი და როგორ შეუძლიათ ფერმერებს ბაღების გადარჩენა

„გურიასა და სამეგრელოში თხილი ხმება. საგანგაშო მდგომარეობაა. ჩართულნი არიან სპეციალისტები, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ იციან, რა იწვევს ნარგავების ხმობას. ასე თუ გაგრძელდა, მაქსიმუმ 5 წელიწადში ბაღები აღარ გვექნება,“ – ფერმერი გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“ თხილის მასობრივი ხმობის შესახებ საუბრობს.

გიორგი თოდუა წლების განმავლობაში თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ახლა თავად აქვს თხილის ბაღი და პრობლემა, რომელზეც საუბრობს, უშუალოდ მის ბაღსაც ეხება.

„დაახლოებით ბოლო 4 წელია, რაც დაიწყო თხილმა ხმობა. ნელ-ნელა მოიმატა გამხმარმა ნარგავმა. რომ წარმოიდგინოთ, ბუჩქზე რამდენიმე ტოტი ხმება – ხუთი, ათი, ზოგჯერ ოცი ტოტიც კი.

ამბობენ, რომ რაღაც ბაქტერიაა ხმობის გამომწვევი, რომელიც თხილს აქვს და სამუშაო იარაღებითაც კი გადადისო. როგორც ვიცი, ჩართული იყო სამინისტრო, ჩამოიყვანეს იტალიელი სპეციალისტები, შეისწავლეს, თუმცა კონკრეტული მიზეზი, რატომ ხმება თხილი, ჩემთვის, როგორც ფერმერისთვის, დღემდე უცნობია.

ერთი ვერსია იყო, სპილენძით უნდა შეიწამლოს თხილი, რომ გადარჩესო. შეწამლეს წელს ფერმერებმა თხილი, მაგრამ მაინც ხმება,“- ამბობს გიორგი თოდუა.

მისი თქმით, წელს გაუქმდა მეთხილე ფერმერების დახმარებაც, რამაც ზიანის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა. მანამდე წლების განმავლობაში ფერმერები 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებდნენ.

„ის 500 ლარი მნიშვნელოვანი დახმარება იყო ფერმერისთვის, ბაღის მოვლა-პატრონობაში ხარჯავდნენ. სამწუხაროდ, გაუქმდა ეს დახმარებაც. ამ თანხას ფერმერები მცენარეების მოვლას ახმარდნენ. სასუქი უნდა თხილს, შეწამვლა, რომ ჯანსაღი დარჩეს და კარგი მოსავალი მოგცეს.

წელს ეს პროგრამა აღარ იყო და ფერმერებს მარტოს მოუწიათ გამკლავება დაავადებასთან,“ – ამბობს გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“.

“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა” 2022-2025 წლებში ფინანსდებოდა და ჯამურად 60-მდე მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

პროგრამის მიზანი საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო.

საქართველოში თხილის ხმობის მიზეზს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 2021 წლიდან იკვლევს.

სწორედ ამ დროიდან ფიქსირდება გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თხილის ხმობის შემთხვევები.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა.

მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებები – ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), თუმცა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მცენარის დასუსტება, კლიმატური ცვლილებები, გვალვა, ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და სხვა ბიოტური თუ აბიოტური სტრესფაქტორები,“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაკეთებულ განმარტებაში, რა იწვევს თხილის ხმობას.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით – ტონდა ჯიფონის ჯიშის თხილი.

თხილის უეცარი ხმობის დამახასიათებელი სიმპტომებია: მცენარის  ფოთლების გაყვითლება მუქი ნეკროზული ყავისფერი ლაქებით, ტოტებზე ვერტიკალური  ნახეთქები, ჭკნობის და  ხმობის ნიშნებით, ტოტის  ჰორიზონტალურ გადანაჭერზე ღეროს  გულის (ქსილემის) გამუქება, შტამბზე კორძებით შემოსაზღვრული ნახეთქები, სპეციფიკური ლაქები და სხვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს რჩევები აქვს ფერმერებისადმი, თუ როგორ შეიძლება შეამცირონ თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი.

ცენტრის ინფორმაციით, რეკომენდებულია თხილის პლანტაციის მექანიკური გათიბვა განათიბის ადგილზე დატოვებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური ჰერბიციდების გამოყენება. გვალვის დროს რეკომენდებულია ბაღის მორწყვა.

საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლის დროს რეკომენდებულია ჯერ გაისხლას დაავადებული ბუჩქები, მოიჭრას დაზიანებული ტოტები, გაიტანონ ბაღიდან და დაწვან.

„საბაღე ინსტრუმენტები ყოველი დაზიანებული მცენარის შემდეგ უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით, სხვა სადეზინფექციო ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით. დეზინფექცია აუცილებელია ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას.

გასხვლის შემდეგ მცენარეები უნდა დამუშავდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად.

ფოთოლცვენის დაწყებისას (50–70%) აუცილებელია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება. რეკომენდებულია სპილენძის შემცველი პრეპარატების ორჯერადი შესხურება შემოდგომით და ორჯერადი შესხურება ადრე გაზაფხულზე, ეტიკეტზე მითითებული დოზირებით.

უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და კულტივაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაზიანებული ფესვების ნაწილებით.

იმ ბაღებში, სადაც დაავადების ძლიერი კერებია და ბუჩქები მთლიანად გამხმარია, ხოლო ახალი ამონაყრები აღარ ვითარდება, მცენარეები აუცილებელია მთლიანად ამოიძირკვოს და განადგურდეს.

აუცილებელია ამბროზიის ხოჭოს (Anisandrus dispar) და შავი ხარაბუზას (Oberea linearis) სისტემატური კონტროლი, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების ალბათობა.

სავეგეტაციო პერიოდში უნდა შეიზღუდოს სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატი) გამოყენება,“ – ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ფერმერებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში.

თხილის უეცარი ხმობის ფაქტს პარალელურად თურქი მეცნიერებიც სწავლობენ.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ხელშეწყობით, აჭარას, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთს თურქ მეცნიერთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც ბაქტერიოლოგიის, მიკოლოგიისა და ვიროლოგიის სპეციალისტები შედიოდნენ.

მეცნიერებმა გამხმარი თხილის ნიმუშები აიღეს. ამის შემდეგ უკვე დაგეგმილია ლაბორატორიული ანალიზი და პათოგენების იდენტიფიკაცია თურქეთში.

კვლევის დასრულების შემდეგ მეცნიერები ქართველ ფერმერებს ურჩევენ, თუ რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ და როგორ უნდა გადაარჩინონ ხმობას თხილის ბაღები.

FAO-ს ინფორმაციით საქართველოს თხილის სექტორი მოიცავს დაახლოებით 58,000 ჰექტარს და საარსებო წყაროს უზრუნველყოფას თითქმის 72000 ფერმერული შინამეურნეობისთვის ქვეყნის მასშტაბით.

ამავე თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: