„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 2027 წლის იანვრიდან კვლავ გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ.

მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2027 წლიდან 17 350 ლარი იქნება დღეს არსებული 16 000 ლარის ნაცვლად [იზრდება 1350 ლარით].

1 147,5 ლარით გაიზრდება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასებიც და დღეს არსებული 13 600 ლარის ნაცვლად 14 747,5 ლარი იქნება.

810 ლარით გაიზრდება მუნიციპალიტეტების მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასებიც. შესაბამისად, მაგალითად, ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, დღეს არსებული 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლის იანვრიდან 10 410 ლარი იქნება.

და ეს მაშინ, როცა პენსია 2027 წლისთვის მხოლოდ 20-60 ლარით იზრდება.

ამ თემაზე: პენსია 20-60 ლარით იზრდება, დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასი კი 1080-1350 ლარით

საქმე ისაა, რომ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაიზარდა საბაზო თანამდებობრივი სარგო და შეადგენს 1 735 ლარს. 2026 წელს ეს სარგო 1 600 ლარი იყო.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი პირდაპირ კავშირშია თანამდებობის პირების ხელფასებთან, რადგან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“:

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულია თანამდებობრივი სარგოები თბილისის მერიასა და საკრებულოში, სადაც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის არა 6, არამედ – 8,5.

2027 წლიდან ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ხელფასი გაიზრდება, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზეც.

მართალია, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარს ადგენს, თუმცა საკრებულოები, როგორც წესი, ამტკიცებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს, სადაც სწორედ ეს ზედა ზღვარია გათვალისწინებული ხელფასის ოდენობის დადგენისას.

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე პირველი მოსმენისთვისაა წარდგენილი.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version