გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების საფუძველზე კრწანისსა და გონიოში მიწის დიდი ფართობების არაბულ კომპანია Eagle Hills-ისთვის გადაცემა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანია.
„საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, იცოდეს და შეაფასოს ფასეული სახალხო საკუთრების გასხვისების/სარგებლობაში გადაცემის დეტალები, ბევრად აღემატება კომპანიის კომერციულ ინტერესებს“ – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში.
„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები კი გასაიდუმლოებულია.
საინიციატივო ჯგუფმა კრწანისის პარკის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან და სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს [NCDC] უკვე გადაუგზავნა. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] შემთხვევაში სწორედ ეს ორი უწყებაა პასუხისმგებელი.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 27 აგვისტოს წარადგინა.
დაინტერესებული პირების მიერ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 21 სექტემბერი იყო.
გონიო-კრწანისის დაცვის საინიციატივო ჯგუფის შენიშვნებში აღნიშნულია, რომ „განსახილველად წარმოდგენილი განაშენიანების გეგმის შემუშავების და სგშ-ს პროცესი მიღებული გადაწყვეტილებების პოსტ-ფაქტუმ ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად რომ არ იქცეს, აუცილებელია:
- გამოქვეყნდეს პროექტთან დაკავშირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებები და სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომერციული ინფორმაციის [თუკი ასეთი არსებობს] გამოცალკევების მოთხოვნების დაცვით.
- სკოპინგის დასკვნაში პირობად უნდა განისაზღვროს ყველა იმ შესწავლისა და შეფასების ანგარიშების წარმოდგენა/გამოქვეყნება, რომლებიც საფუძვლად დაედო კომპანია Eagle Hills-ის მიერ საპროექტო არეალის შერჩევას.
- სკოპინგის დასკვნაში პირობად უნდა განისაზღვროს „ნულოვანი ალტერნატივის“ განსაზღვრა, არა როგორც არსებული მდგომარეობის გაგრძელება, არამედ როგორც სახელმწიფო პოლიტიკისა და დაგეგმილი განვითარების – კრწანისის ტყე-პარკის აღდგენის – განხორციელება… აღდგენის გეგმა მხოლოდ დეკლარაცია არ იყო, მას ფინანსური ვალდებულებაც ახლდა“.
„ანგარიში ვერ პასუხობს იმ კომპლექსურ ამოცანას, რასაც კრწანისის ჭალების ფაუნისტური კვლევა უნდა მოიცავდეს. კვლევა მთლიანად ეყრდნობა ლიტერატურულ წყაროებს [თანაც მოძველებულს]. შერჩეული მეთოდები ვერ პასუხობს თანამედროვე მეთოდიკას ველური ბუნების კვლევაში. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კვლევაში არ არის გამოყენებული არცერთი თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებული და სტატისტიკურად გამართლებული მეთოდი.
მიღებული შედეგები ზედაპირულია და ააშკარავებს კვლევის არასრულყოფილად ჩატარებას, ნებისმიერ ტაქსონომიურ ჯგუფში. გვხვდება მცდარი და მკითხველის მოტყუებაზე გათვლილი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მაგალითად, სამიგრაციო დერეფნები კრწანისის ჭალის კონტექსტში“, – აღნიშნულია ჯგუფის შენიშვნებში.
„იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განხორციელდეს გონიოშიც, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. შესაბამისი სგშ-ს პროცედურის გავლა ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება, თუმცა საჭირო გახდება დამატებითი პროცედურებიც, რადგან გონიოს საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებში და ის საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიაა.
საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, „სგშ-ს მთელი არსი იმაშია, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური [მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის] მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ვარიანტები [ალტერნატივები] ჯერ კიდევ ღიაა. სკოპინგი კი, სგშ-ს სწორედ ის ეტაპია, სადაც უნდა განისაზღვროს, რომელი ალტერნატივები შეფასდება.
[კრწანისთან დაკავშირებით] კომპანია Eagle Hills-ის მიერ შემუშავებულ ურბანულ პროექტში კი, რომელიც სრულიად ახალი ურბანული სივრცის შექმნას გულისხმობს, ალტერნატივების საკითხი განსაკუთრებით მწვავეა შემდეგი ორი გარემოების გამო:
- გადაწყვეტილებები, რომლებიც ალტერნატივების შეფასებისა და შედარების საფუძველზე უნდა მიღებულიყო, უკვე მიღებულია და გეგმის კონცეფციასა და სკოპინგის განცხადებაში ალტერნატივების შეფასების წინაპირობად არის წარმოჩენილი;
- შედეგად, ალტერნატივების შესწავლა დაყვანილია ვიწრო, ქვედა დონის ალტერნატივებამდე: იმის დადგენამდე, თუ „როგორ განაშენიანდეს ტერიტორია“ და არა – „უნდა განაშენიანდეს, თუ არა და სად“.
„ამ მიწების მაღალი ფასეულობა განპირობებულია ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და რეკრეაციული, დემოგრაფიული, სულიერი და წინაპრების ხსოვნასთან მჭიდრო კავშირის ქონით. ასევე, მაღალია რისკები, რაც უკავშირდება გარემოს დაზიანებას, კორუფციას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას და საზოგადოების პოლარიზაციის გაძლიერებას, მათ შორის, სახალხო საკუთრების მითვისების და დემოგრაფიული წონასწორობის გაუარესების რეალური შესაძლებლობის, ან თუნდაც აღქმის გამო“, – აცხადებს საორგანიზაციო ჯგუფი.
ჯგუფის განცხადებით, „დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი უნდა მოიცავდეს ყველა პოზიციას, მათ შორის, პროექტის უარყოფას, როგორც ლეგიტიმურ პოზიციას. ანგარიში, რომელიც „დაინტერესებულ მხარეებში“ მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, კომუნალურ კომპანიებს და რამდენიმე სოფლის წარმომადგენლებს მოიაზრებს, ხოლო ათასობით მოქალაქის ორგანიზებულ პროტესტს არ ახსენებს, არასრულია და მიკერძოებულია.
ჩვენი მოთხოვნაა, განაშენიანების გეგმის მომზადებისა და დამტკიცების, ასევე, სგშ-ისა და რეკომენდაციების გაცემის პროცესში საზოგადოებრივი ინიციატივების სხვადასხვა ფორმით გამოხატული პოზიციები აღიარებულ იქნეს დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებად და დოკუმენტირდეს განაშენიანების გეგმისა და სგშ-ის პროცესის კვლევებსა და ანგარიშებში, რათა ისინიც გათვალისწინებულ იქნეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას.
საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ პროექტს, სხვა ჯგუფებთან ერთად, თანასწორად უნდა იქნენ ჩართული კონსულტაციების პროცესებში“ – აცხადებს გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი.
გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფის შენიშვნების სრულად სანახავად გადადით ბმულზე
ამავე თემაზე:
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ