ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს.
ასევე, პარტიის მოთხოვნაა დაიკითხონ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი.
„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ემნ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.
ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენ საკრებულოში „ნეიტრალური მხარე დაიჭიროს“. ნეიტრალურობა ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ საკრებულო ოპოზიციური ვეღარ იქნებოდა და უმრავლესობით გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდა.
2021 წლის 19 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ ეყოლებოდა უმრავლესობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 2021 წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.
დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.
ამავე თემაზე: