სიახლეები

დავეხმაროთ სიცივეში დარჩენილ ადამიანებს

09.01.2013 •
დავეხმაროთ სიცივეში დარჩენილ ადამიანებს

დაახლოებით 2011 წლის მიწურულს, როცა უკვე აცივდა, ქალაქ ქობულეთში სახანძროს მახლობლად პატარა „ბუტკაში“ ბებია ცხოვრობდა. ქალაქში ბევრმა იცოდა ამ ადამიანის შესახებ – ბევრი საკვებსაც აძლევდა. მას საცხოვრებელში არც დენი ჰქონდა და არც წყალი, იმდენად პატარა იყო, რომ საწოლი ეტეოდა მხოლოდ, არც ღუმელი ჰქონდა და რომც ჰქონოდა შეშას ვერ ნახავდა. ალბათ ამიტომაც მრავლად ჰყავდა ძაღლი მეგობრები, რომლებიც ეხუტებოდნენ და ათბობდნენ.

 

გადავწყვიტე რამენაირად დავხმარებოდი ამ ქალს და დავიწყე ინფორმაციის მოძიება თუ როგორ შემეძლო ამის გაკეთება. სოციალურ ქსელში ვნახე ახალშექმნილი ფონდის – „ბორანის“ განცხადება. ის ისეთი ხალხის დახმარებას იწყებდა, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. 2012 წლის თებერვალში მივწერე წერილი ამ ქალის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემმა წერილმა დააგვიანა, ისე როგორც ამ წერილზე პასუხმა. ეს ბებო გაყინული იპოვეს თავის პატარა „ბუტკაში“, ცხოველების სითბო არ ეყო გადასარჩენად…

 

ამ ქალის სიკვდილში ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე და თითოეული ჩვენგანი.

 

ხშირად გვიყვარს ქართველებს იმის თქმა, რომ ჩვენზე კარგი ერი არ არსებობს და ჩვენ ვართ რაც ვართ. როცა თავს ადამიანს ვუწოდებთ, იქნებ ამ სიტყვაზე გვიღირს დაფიქრება. ბათუმში, და არამხოლოდ ბათუმში, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სჭირდება დახმარება, მაგრამ ყურს არ ვუგდებთ მათ პრობლემას. ბათუმში ბევრჯერ მინახავს ადამიანს, როგორ სძინავს მაღაზიის ვიტრინასთან ან კიდე სადმე…

 

ერთი თვის წინ დავიწყე ფიქრი თუ როგორ შემეძლო მათი დახმარება, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს იოლი არ იქნებოდა. მეგობართან ერთად მივედი მერიაში, სადაც გავესაუბრეთ ადამიანს, რომელსაც ეხებოდა ეს ყველაფერი. საუბარი არც თუ ისე სასიამოვნო იყო, რადგანაც რაც გვინდოდა ის ვერ მოვისმინეთ. გვითხრეს, რომ სახელმწიფო აფინანსებს  მხოლოდ იმ ხალხის კვებას, ვისაც გააჩნია მოქალაქეობა ან რაიმე დამადასტურებელი საბუთი. ვისაც არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, ისინი არ ითვლებიან ადამიანებად საქართველოში.

 

იმედგაცრუებული წამოვედით მერიიდან, მაგრამ იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. თბილისში ასეთ ადამიანებს უყიდეს ეგრეთ წოდებული „პალატკები“, რაც მოყინვისგან დაიცავს გარკვეულ რაოდენობას თბილისში უსახლკარო ხალხის, მაგრამ ბათუმში ეს საფრთხე  ბევრ უსახლკაროს ემუქრება…

 

ჩემ გულის ტკივილს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ასე რომ მოკლედ დავწერ:  მინდა დავეხმარო ამ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, რაც საჭირო იქნება, კეთილი ხალხია ბევრია საქართველოში, ყოველთვის იყო და იქნება. მჯერა თქვენი – ვინმეს თუ რაიმე იდეა გაქვთ ან რამენაირად შეგიძლიათ ამ საქმეში დახმარება, ძალიან გთხოვთ შემომიერთდით.

 

ცოტა ხანში მექნება პროექტი სახელწოდებით – „ხელი ხელს“, რომელშიც გაწერილია  გრძელვადიანი პროექტი ამ ხალხთან დაკავშირებით. ეს მომავლის გეგმებია ახლა კი რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რაც მათ ამ ზამთარს გადაატანინებს.

 

ყველას დიდ მადლობას გეტყვით დახმარებისთვის. ჩვენთან არს ღმერთი.



ედო მჟავანაძე, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი


ედო მჟავანაძე
ედო მჟავანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: