ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში, სადაც გზის რეაბილიტაცია ჩატარდა, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელი აღარ დაუდგამთ, მეტიც, აქ გაჩერება გაუქმებულია და ბუნებრივია, ავტობუსები არ ჩერდება.

აქ გაჩერება „მაგნოლიას“ გვერდით მდებარე „ალიანს სიტის“ მშენებარე კომპლექსის მომიჯნავედ იყო.

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება იყო

შერიფ ხიმშიაშვილის დასაწყისში ავტობუსის გაჩერების გაუქმებით, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან იუსტიციის სახლამდე მონაკვეთში, ორ გაჩერებას შორის დაშორება თითქმის 900 მეტრია. გაჩერებებს შორის სტანდარტით დადგენილი მანძილი კი – როგორც ადრე „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ მოგვწერეს – 300 მეტრია.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაჩერების გაუქმებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ამჯერადაც დაუკავშირდა. პასუხი მერიამ გაგვცა.

„გაჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნის განთავსება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული სამუშაო ამ ეტაპამდე არ შესრულებულა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მარაგში არ ჰქონდა ნიშნები, ახლახან ჩამოუვიდა და უახლოეს პერიოდში განთავსდება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან 11 სექტემბერს.

განახლება: ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერების ნიშანი დაამონტაჟეს.

ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა / 14.09.2026

ამავე თემაზე:

რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version