ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის თბილისის ქუჩის დასაწყისამდე კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე“ 4 862 296 ლარით გამოაცხადა.

თუმცა, ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები მხოლოდ თამარ მეფის ქუჩაზე უნდა ჩატარდეს [თამარ მეფის გამზირის N43-ის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ქუჩამდე მონაკვეთში]. ამ მონაკვეთში ექცევა მახინჯაურის სანაპირო ზოლიც.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ.

საპროექტო ტერიტორია თამარ მეფის გამზირზე – სანაპირო დაცვის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ქუჩამდე მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

„არსებული მდგომარეობის შეფასებით, საპროექტო მონაკვეთზე დღეის მდგომარეობით სრულად მოკლებულია საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა. საკანალიზაციო ქსელის არარსებობა განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს ბათუმისათვის, რომელიც ბოლო წლებში დინამიური განვითარებითა და მოსახლეობის მზარდი რაოდენობით გამოირჩევა.

შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რომლის განხორციელებაც ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდებოდა“, – წერია პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა ბოლო 20 წელია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მხარდაჭერით ხორციელდება. KfW-ს დაფინანსებით ამჯერად სამუშაოების მეხუთე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც, როგორც ადრე „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებს არ ითვალისწინებს.

„მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება. თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია. აქ აღსანიშნავია გერმანიის [უკვე ყოფილი] ელჩის განცხადება, რომ გერმანია უარს ამბობს „ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე“ საქართველოსთან მიმართებაში“, – წერდა „ბათუმელები“ 2024 წელს.

ამ თემაზე ვრცლად: რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

თამარისა და მახინჯაურის დასახლებების მხოლოდ სანაპირო ზოლში ზემოთ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კანალიზაციის სისტემის მოწყობა ამჯერად მთლიანად ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიაზე, სადაც კანალიზაციის ქსელი უნდა მოეწყოს, უკვე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ შპს „გზასთან“ მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 29 163 899 ლარზე აქვს გაფორმებული.

„პროექტის გადაუდებლობას განაპირობებს ისიც, რომ [სხვა] ტენდერის ფარგლებში, საპროექტო მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ვინაიდან გზის სამუშაოების დასრულების შემდეგ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა გამოიწვევდა ახლად დაგებული სავალი ნაწილის დაზიანებას და დაკავშირებული იქნებოდა დამატებით ფინანსურ და დროის დანახარჯებთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანალიზაციო სამუშაოები განხორციელდეს გზის სამუშაოების დასრულებამდე“ – აღნიშნულია კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტში.

ვრცლად გზის რეკონსტრუქციაზე ნახეთ ამ ბმულზე:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version