მთავარი,სიახლეები

ბათუმში რესტორნის მფლობელს ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ – იგი ბრალდებას უარყოფს

27.08.2026
ბათუმში რესტორნის მფლობელს ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ – იგი ბრალდებას უარყოფს

ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს მიუსაფარი ძაღლების მოწამვლასა და ცემაში ადანაშაულებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მიუსაფარ ცხოველს ქვას ესვრის.

შსს-მ ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მოქალაქეებმა კი „ბათუმელებს“ მომართეს და ფაქტის გაშუქება სთხოვეს.

„გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რესტორან Sea View-ის მფლობელის მიერ ძაღლების მასობრივი მოწამვლის შესახებ.

მოხალისეები თავად არიან მოწმეები, ბევრმა ადამიანმა ნახა, როგორ ყრიდა ის მოწამლულ საკვებს რესტორნის გარშემო. სამწუხაროდ, არ გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის შხამს ყრის, მაგრამ გვაქვს სხვა ვიდეოები, სხვადასხვა წლიდან, სადაც ჩანს ძაღლების ცემა და ქვების სროლა,“ – მოგვწერა მოქალაქემ.

ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ რესტორნის მეპატრონე, წლებია, სისტემატურად ძალადობს ცხოველებზე და საჭიროა შესაბამისმა ორგანოებმა ეს ფაქტი გამოიძიონ.

  • რა ჩანს ვიდეოებზე

რესტორანი Sea View ბათუმის ახალ ბულვარში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე მდებარეობს.

კადრებში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს უცნობი კაცი, რომელიც მისდევს ძაღლს ქვით ხელში. ასევე, მოქალაქეებმა მოგვაწოდეს უშუალოდ რესტორნის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის მოწყობილი თავშესაფარი დანგრეულია, ხოლო ამ დანგრეული თავშესაფრის ახლოს დგას ქალი.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი ქვას ესვრის ბულვარში მყოფ მიუსაფარ ძაღლს.

ვიდეოები სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით, მოქალაქეებმა უშუალოდ რესტორნის გვერდზე, ფეისბუქზე, კომენტარების სექციაში დაიწყეს ამ ვიდეოების ატვირთვა და კითხვების დასმა რესტორნის მენეჯმენტისადმი – რატომ ექცეოდნენ ასე ცხოველებს.

  • რას ამბობს რესტორნის მფლობელი

ქალი, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში ქვას ისვრის ძაღლის მიმართულებით, რესტორანი Sea View-ის მფლობელი, ოლესია ზუსკოა.

მან „ბათუმელებთან“ ინტერვიუში დაადასტურა კადრების ნამდვილობა, თუმცა გვითხრა, რომ ეს კადრები დამონტაჟებულია და არ იძლევა სრული სურათის აღქმის საშუალებას.

„ამ კადრებში ნამდვილად მე ვჩანვარ, მაგრამ ვიდეო დამონტაჟებულია“, – ამბობს ოლესია ზუსკო „ბათუმელებთან“ და ამ ვიდეოს გადაღების წინა ისტორიის საკუთარ ვერსიას გვიყვება.

მისი თქმით, ვიდეო გადაღებულია 4 წლის წინ, იმ პერიოდში, როდესაც რესტორანი გახსნეს.

„ერთი ქალია, რომელიც ძაღლებს პირდაპირ ჩვენი რესტორნის შესასვლელ კართან უყრიდა ხოლმე საჭმელს. ამის გამო რესტორნის შესასვლელში უამრავი ძაღლი იკრიბებოდა. არაერთხელ ვთხოვე, რომ ძაღლები არა რესტორნის შესასვლელთან, არამედ იქვე, პარკში გამოეკვება, თუმცა არ გაითვალისწინა.

იმ დღეს, როცა ვიდეოა გადაღებული, ჩემს რესტორანში მივედი. ხელში ჩემი 6 თვის შვილი მეჭირა. დაახლოებით 15-17 ძაღლი იყო რესტორნის წინ შეკრებილი. ეს ძაღლები ჩამწკრივდნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ ყეფა-ყეფით. ხელში ბავშვი მყავდა, რომელიც ტიროდა, ძაღლები მიყეფდნენ. მე ვყვიროდი – „მიშველეთ, მიშველეთ“, ბავშვით უკან დახევა დავიწყე და ვცდილობდი რამე გამეკეთებინა. თუ გნებავთ ექიმის ცნობასაც გამოგიგზავნით, იმ დღის შემდეგ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

ძალიან გიჟური სიტუაცია იყო. მაშინ როცა მე ვყვიროდი – „მიშველეთ“, ზოგიერთი ადამიანი იდგა და ვიდეოს მიღებდა. ის, რა ვიდეოც გავრცელდა, არ არის სრული, დამონტაჟებულია. გადაღებულია მას შემდეგ, რაც ატირებული ბავშვი დავსვი და ძაღლების მოგერიება დავიწყე. ვუყვიროდი ძაღლებს – „წადით, აქედან“, რადგან შოკში ვიყავი. ქვა რომ ავიღე, ეს მხოლოდ იმისთვის იყო, რომ ძაღლი შეშინებულიყო. არ ჩამირტყამს…

მე ბელარუსიდან ვარ. ბევრ ძაღლს დავეხმარე ახალი ოჯახის პოვნაში, კანადაშიც კი გამიგზავნია ძაღლი, როცა იქ ოჯახი ვუპოვე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოლესია ზუსკომ.

ის კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას,რომ თითქოს მან რომელიმე ძაღლს მოწამლული საკვები დაუყარა.

„ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მაბრალებენ, რომ ძაღლი მოვწამლე.

ბათუმში ძაღლებთან დაკავშირებით მართლა გიჟური სიტუაციაა, მაგრამ არასდროს, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ძაღლებისთვის.

უბრალოდ არ გვინდა ეს ძაღლები რესტორანში. ცხელი ამინდია გარეთ, ხანდახან წყალს ვასხამთ, საბავშვო წყლის თოფით, რომ წავიდნენ, რადგან ძაღლს რომ ეტყვი -„წადი, გთხოვ“, ის არ მიდის.

ხანდახან, როცა ტერასაზე დადიხარ და ბნელა, შეიძლება ძაღლს ფეხი დაადგა. მაგალითად, ერთმა ჩემმა მიმტანმა, როცა მაგიდის შეკვეთას იღებდა, ვერ დაინახა და ძაღლს კუდზე დაადგა ფეხი. ძაღლმა უკბინა. ისევ პოლიცია გამოვიძახეთ, მიმტანს ვაქცინის გაკეთება დასჭირდა,“ – ამბობს ოლესია ზუსკო.

ოლესია ზუსკოს თქმით, მან 26 აგვისტოს საჩივარი შეიტანა პოლიციაში ცრუ დასმენის გამო. მისი თქმით, იგი „უჩივის ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“.

რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში 4 წლის წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

  • რას ამბობს შსს

ბოლო რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში, ტელეგრამის არხებზე რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც რესტორან Sea View-ის მფლობელს მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეოების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო – ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.

მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის მეპატრონე ცრუ დასმენის ბრალდებით პოლიციაში ჩივის, ცხოველთა უფლებების დამცველები საპროტესტო აქციის მოწყობას აანონსებენ რესტორნის წინ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.