ქობულეთში დაგეგმილი „ხინოწმინდობა 2026“-ის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 49 950 ლარი დაიხარჯება.

აჭარაში „ოცნების“ ხელისუფლების კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით აუცილებელია ფული ტენდერის გარეშე დაიხარჯოს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ღონისძიება 2026 წლის 12 სექტემბერსაა დაგეგმილი ქობულეთის სოფელ ხინოწმინდაში.

სამინისტროს განაცხადის მიხედვით, „ხინოწმინდობა 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილია: „სადღესასწაულო წირვა და შემეცნებითი ექსკურსია ხინოწმინდის წმინდა იოვანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. ასევე გაიმართება კონფერენცია – „პატრიარქი ილია II და საქართველო“ და აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტომასალის გამოფენა. ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, საზეიმო კონცერტსა და დაჯილდოების ცერემონიას“.

სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას იმით ასაბუთებს, რომ „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 17 აგვისტოს შემოვიდა ა[ა]იპ „ქობულეთის მუზეუმის“ დირექტორის კორესპონდენცია, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხინოწმინდაში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების და სახალხო ზეიმის „ხინოწმინდობა 2026“-ის მხარდაჭერის საკითხს“.

სამინისტრო სააგენტოს უმტკიცებს, რომ ვინაიდან „ქობულეთის მუზეუმიდან“ წერილი 17 აგვისტოს მიიღეს, ტენდერის ჩატარება ვეღარ ესწრება.

თუმცა:

იმავე დღეს, 2026 წლის 17 აგვისტოს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმერ მგალობლიშვილს კულტურის დეპარტამენტის შემოქმედებითი პროცესების განყოფილების უფროსი ნინო ლოსაბერიძე მოხსენებით ბარათს უგზავნის, სადაც წერს, რომ „აღნიშნული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო თანხა შეადგენს 49 950 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით“.

მოხსენებითი ბარათიდან ჩანს ასევე, რომ სამინისტროში „ხინოწმინდობის“ დაგეგმვა-დაფინანსებაზე „ქობულეთის მუზეუმის“ 17 აგვისტოს წერილის შემდეგ არ დაუწყიათ მუშაობა.

„ხინოწმინდის ტერიტორიის გეოგრაფიული სიშორისა და რთული რელიეფური პირობების, ასევე არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის აუცილებლობიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის მიერ საჭირო გახდა ადგილზე ვიზიტი და დეტალური შესწავლითი
სამუშაოების განხორციელება“, – წერს 17 აგვისტოს ლოსაბერიძე მგალობლიშვილს.

ამავე მოხსენებით ბარათში ლოსაბერიძე მგალობლიშვილს ასევე წერს, რომ:

„სოფელ ხინოწმინდაში პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოვანეს თავისკვეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჭიროა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაგან გამოთხოვნილ იქნას შესაბამისი თანხმობა. დანართის სახით წარმოგიდგენთ ხარჯთაღრიცხვას და ინვოისებს.“

სამინისტროს განაცხადს თან ახლავს ორი კომპანიის ინვოისი. ინვოისებით, რომლებიც 2026 წლის 17 აგვისტოთია დათარიღებული, ირკვევა, რომ შპს „ბეტა ივენთი“ სამინისტროს მომსახურებას 49 950 ლარად სთავაზობს. შპს „კონტური 2016“ კი – 60 300 ლარად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სამინისტრომ ბაზრის კვლევაზე განცხადება შესყიდვების პორტალზე 18 აგვისტოს მაინც გამოაქვეყნა, რომელიც 21 აგვისტოს დასრულდა.

21 აგვისტოსვე გამოიცა მგალობლიშვილის ბრძანება „… 49 950 ლარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“. სამინისტრომ ამავე დღეს მიმართა სააგენტოს განაცხადით – გამარტივებული შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად.

შესყიდვების სააგენტოში განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღად 2026 წლის 26 აგვისტოა ჩანიშნული.

——-

ქობულეთის სოფელ ხინოს სახელი 2018 წელს შეუცვალეს და მას ხინოწმინდა ეწოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საყოველთაო აღწერის მონაცემებით [2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით], ქობულეთის სოფელ ხინოწმინდაში მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს.

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, 2022-2023 წელს რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დააშენეს.

არქეოლოგიურ ძეგლზე ფაქტობრივად ახალი ეკლესიის დაშენებისთვის კი, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯა.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version