პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში.

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი:

  • მე-8 საჯარო სკოლა
  • მე-20 საჯარო სკოლა
  • მე-5 საჯარო სკოლა

ქობულეთში

  • ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა

ხელვაჩაურში

  • სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა

„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, რატომ არ არის ამ ჩამონათვალში მაღალმთიანი აჭარის – ქედის, შუახევისა და ხულოს სკოლები და როგორ უნდა შეიძინონ ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა სასკოლო ფორმა?

როგორც სამინისტროში გვითხრეს, მისამართები, სადაც სკოლის ფორმები გაიყიდება, „დაემატება ეტაპობრივად“.

განათლების სამინისტროს ცნობით, სასკოლო ფორმების შეძენა მხოლოდ საბანკო ანგარიშით არის შესაძლებელი და მშობელი ფორმას ვერ შეიძენს ნაღდი ფულით.

როგორ უნდა გადაიხადონ სასკოლო ფორმის საფასური იმ მშობლებმა, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ან სხვა მიზეზების გამო აქვთ საბანკო ანგარიშები დაყადაღებული და უნაღდო ანგარიშსწორებას ვერ შეძლებენ?

მაგალითად, მოქალაქე ნინო კალანდია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ უკანონოდ დააჯარიმა 5000 ლარით, შემდეგ კი, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ანგარიში დაუყადაღეს.

„ამ ყადაღას ალბათ არც მომიხსნიან, რადგან უკანონო ჯარიმას არ ვიხდი. ამიტომ არ ვაპირებ ფორმის შეძენას და ვნახოთ, როგორ არ მიიღებენ ჩემს შვილს“ – ამბობს მშობელი. 

ამავე კითხვით „ბათუმელები“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რაც შეეხება სასკოლო ფორმების გაცემას, ბათუმის №5 საჯარო სკოლის დირექტორი, ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმები მე-5 საჯარო სკოლაში 21 აგვისტოს მიიღეს და გაცემა გრაფიკის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

„პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაცემა და დამთავრდება 7-8 სექტემბერს. ყველა მშობელმა იცის როდის უნდა გაიტანონ, გრაფიკი შედგენილია. მოსწავლეს ასევე შეუძლია ფორმა გატანამდე მოირგოს“ – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

სასკოლო ფორმა ასევე უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში.

სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოსწავლები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად ვეღარ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

„სოციალურად დაუცველ ბავშვებს ფორმის გაცემისას არ სჭირდებათ რაიმე დამატებითი საბუთის წარდგენა, რადგან ეს ოჯახები ბაზაში უკვე არიან რეგისტრირებული, მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანა იქნება საკმარისი“- ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, სკოლის ფორმები ამ ეტაპზე მხოლოდ I-VI კლასების მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული. პირველ  ეტაპზე ფორმებს პირველკლასელები მიიღებენ, წლის ბოლომდე კი, სამინისტროსვე ცნობით, ფორმები დანარჩენ კლასებსაც მიეწოდებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ფორმების ონლაინ შეძენაც იქნება შესაძლებელი პირველი სექტემბრიდან.

მოსწავლის ერთი ფორმის [კომპლექტის] შესაძენად მშობელს 95 ლარის გადახდა დასჭირდება.

სამინისტრომ სკოლის ფორმები ტენდერის გარეშე, ჩინური კომპანიისგან შეიძინა, რაშიც საქართველოს ბიუჯეტიდან 45 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

მშობლების ნაწილი კრიტიკულად შეხვდა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რადგან ეს საკითხი არ ყოფილა წინასწარ საჯარო განხილვის საგანი და არც მშობლების მოსაზრებები მოუსმენიათ.

მშობლები ასევე აპროტესტებენ ფორმების ხარისხსაც, რადგან მონაცემების მიხედვით, ფორმის დიდი ნაწილი პოლიესტერს შეიცავს.

5 აგვისტოს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს სკოლის ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

ამავე თემაზე:

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version