შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა. ამ საქმეზე ამჟამად სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის – არასრულწლოვანები.
ჯგუფურად ცემის შედეგად „გლოვოს“ კურიერი კლინიკაში მოხვდა ჯანმრთელობის დაზიანებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






