სიახლეები

ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს ათი საკითხი ჩაუგდო

19.11.2012
ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს ათი საკითხი ჩაუგდო

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი 19 საკითხიდან ოპოზიციამ ათი საკითხი ჩააგდო. საკითხების დღის წესრიგიდან ამოღების ინიციატივით, ფრაქცია „მაჟორიტარის“ წევრი, გენო თებიძე გამოვიდა. თუმცა არც სხდომაზე და არც ჟურნალისტებთან მას არ განუმარტავს, თუ რატომ დააყენა აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღება. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი მერიის მხრიდან საშტატო ერთეულის გაზრდას უკავშირდება.

საკრებულოს წევრთა განცხადებით, ამ ცვლილებებით უნდა გაზრდილიყო ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულები, ცამეტ ერთეულს დაემატებოდა ორი. ასევე უნდა განხილულიყო შტატების დამატების საკითხი მერიის ადმინისტრაციის სამსახურში, ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილებაში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში და არქიტექტურის სამსახურში.

საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულომ აღნიშნული საკითხების ჩავარდნით მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, „რადგან საკრებულომ დაიწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.  მერიას ახალი შტატები „ნაცმოძრაობას“ იმ წევრების დასაქმებისთვის სჭირდება, რომელიც დეპუტატები ვერ გახდნენ“.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით კი, ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური: „პირველი შემთხვევა არ იყო, როცა საკითხების ამოღება ხდება დღის წესრიგიდან, მაგრამ ამდენი საკითხი აქამდე არ  ამოღებულა, ვფიქრობ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან როგორც კომისიის, ასევე ბიუროს სხდომებზე დეტალურად გვქონდა ეს საკითხები განხილული, ვფიქრობ ახალ მერს უნდა მიეცეს საშუალება თავისი შეხედულებებისამებრ დაგეგმოს მერიის მომავალი საქმიანობა, არანაირად ეს არ უკავშირდებოდა შტატების გაზრდას, არც სახელფასო ფონდის გაზრდას, რადგან ერთსაც და მეორესაც სჭირდება საბიუჯეტო ცვლილება, მაშინ ბიუჯეტში ცვლილებაც უნდა წარმოგვედგინა“.

გიორგი კირთაძის განცხადებას, ირაკლი ჩავლეიშვილი ასე პასუხობს: „სწორედ მათი მხრიდან იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ქალაქის მთავარი არქიტექტორის პოსტზე. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ გია რამიშვილის კანდიდატურა, გვითხრეს, რომ განიხილავდნენ, მაგრამ ახლა აპირებენ მთავარი არქიტექტორისა და არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებას. ამ სამსახურის უფროსი არის იურისტი, მთავარი არქიტექტორი კი იურისტი ვერ იქნება“.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქალაქის მერი აღნიშნულ საკითხებს მომდევნო სხდომაზე მაინც გამოიტანს, „თუ ისევ არ დაუჭერენ მხარს, დარჩება მერია ისეთი, როგორიც არის“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.