დღეს, 31 ივლისს, გლდანის ციხე დატოვა სინდისის პატიმარმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომისთვის, რაც, „ოცნების“ რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დაბრუნებული მოქალაქე 31 ოქტომბერს, ღამით უკვე მეორედ დააკავეს, მის მიმართ ამჯერად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და ჯერ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, 29 მაისს კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ზურაბ მენთეშაშვილის პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა მისი და.
დღეს, 31 ივლისს, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. „რუსთაველზე მე ვისაც ჩავეხუტე, აი, ეს არის ჩემი ნამდვილი საქართველო“ – თქვა მენთეშაშვილმა დღეს, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია.
ამავე თემაზე:
„ზურა მენთეშაშვილი სინდისის პატიმარია“ — გადაკეტილ გზაზე დგომისთვის 61 წლის კაცს 9 თვე მიუსაჯეს