ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა.
„წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც კი, სადაც სახლი უდგას და ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„მთელი მიწა, რასაც აქამდე ვსარგებლობდით მეც და ჩემი ოჯახი, ყველაფერი წაიღო სახელმწიფომ. წაიღეს რამდენიმე ათასი კვადრატი, რომლითაც მამაჩემი სარგებლობდა – ტყის ზოლშია და ტყეს ეკუთვნისო, გვითხრეს. მანამდე, ამ მიწას ამუშავებდა ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც ამ მიწაზე გავაკეთე სახლი 2008 წელს. დღესაც აქ ვცხოვრობ.
ათობით ჰექტარი წაიღო სახელმწიფომ, მაგრამ ახლა, სახლის და გზის დაკანონებას ვთხოვ. თუ სახელმწიფო მიწა იყო, სახლს რომ ვაშენებდი, მაშინ ხომ უნდა გავეფრთხილებინე? მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.
დავწერე განცხადება სატყეოში და იმედი მაქვს, რომ დამიბრუნებენ იმ მიწას მაინც, სადაც სახლი მიდგას. ამაზეც თანახმა ვარ, რომ ვიცხოვრო და ვიარსებო“, – ამბობს გენო მსხალაძე.
მას ვკითხეთ, როგორ იარსებებს ოჯახი მიწის გარეშე სოფელში? – გენო მსხალაძე ამბობს, რომ მისთვის ახლა ისიც მთავარია, თუ სახლს და გზას შეუნარჩუნებენ.
როგორც გენო მსხალაძე გვეუბნება, ის წლების განმავლობაში ჯარში მსახურობდა და თავის დროზე ვერ მოახერხა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ახლა კი ყველაფერი სახელმწიფომ მიისაკუთრა.

სოფელ მახოში მცხოვრები ოჯახები მიწების საკუთრებაში აღიარებას ითხოვენ.
„ბათუმელები“ ესაუბრა მახოში მცხოვრებ კიდევ ერთ მცხოვრებს, ზურაბ თებიძეს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ მის სარგებლობაში არსებული 3 000 კვადრატი მიწა წაიღო.
„40 წელია ჩვენ ვსარგებლობდით ამ მიწით, ხეხილი გვაქვს გაშენებული. შარშან დავწერე განცხადება და მოვითხოვე ამ მიწის საკუთრებაში აღიარება, უარი მომივიდა. შემდეგ ისევ მივმართე და ისევ უარი მომწერეს. ბოლოს მივაკითხე სატყეოს და მითხრეს, რომ მოხდება კორექტირებაო და ვნახოთ, ველოდები. მინდა დავიბრუნო ჩემი წინაპრების ადგილი.
ჩემს გვერდით მეზობელს გაუფორმეს და მე უარი მითხრეს. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაიმე გადაიხადა, ან „პატრონი“ ჰყავს, არ ვიცი“, – გვეუბნება ის.
ვესაუბრეთ დავით დავითაშვილსაც, რომელიც ასევე მახოში ცხოვრობს და მასაც აქვს მიწის საკუთრებაშია აღიარების პრობლემა. მისი თქმით, არ არის სამართლიანი მათი მიწების სახელმწიფოს მხრიდან მითვისება.
„მამაჩემი ორჯერ გადასახლებაში იყო, 1953 წელს დაბრუნდა და მესაქონლეობას და მეფრინველეობას მისდევდა. ყანები ჰქონდა, თესავდა. ბოლო წლებში თხილი დარგეს და ახლა არ გვირეგისტრირებენ. 4 წელია მიმართეთ ხელვაჩაურის საკრებულოს, მაგრამ ჯერ არც კი განუხილავთ ჩვენი საკითხი“, – გვეუბნება დავით დავითაშვილი.

სოფელი მახო
ვესაუბრეთ სულხან მსხალაძესაც. მან გვითხრა, რომ სახელმწიფომ 2000 კვადრატული მეტრი კაკლის ბაღი წაართვა.
„კომუნისტების დროს ბაბუებს 120 ჰექტარი მიწა წაართვეს და ვინც არ მისცა დახვრიტეს. დღეს კი, დემოკრატიის პირობებში, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. უნდა შეგვითანხმდნენ ფერმერებს და საკითხი ადგილზე შეისწავლონ. სატყეო ფონდი გაზარდეს ხელოვნურად და ალბათ რაღაც სარგებელიც აქვთ.
2000 კვადრატული მეტრი მიწა წაიღეს, სადაც კაკლის ხეები მაქვს გაშენებული 1991 წლიდან. ეს იცოდა სოფლის გამგებელმაც და მეტყევემაც“, – ამბობს სულხან მსხალაძე.
შეეგუებით კაკლის ბაღის დაკარგვას? – ვკითხეთ მას. სულხან მსხალაძის თქმით, „თავს ზემოთ ძალა არ არის, თუმცა ხელისუფლება დაკარგავს იმ ნდობას ხალხში, რაც გააჩნია – ხომ იცით, ნაპერწკლიდან ალი ჩნდებაო. თუ უნდათ, ნაპერწკლიდან ალი გაჩნდეს, ცეცხლი გაჩნდეს და ყველა დავიწვათ… სჯობს ეს ნაპერწკალი დროზე ჩავაქროთ და საქმე გავაკეთოთ კეთილსინდისიერად“, – ამბობს სულხან მსხალაძე.
მახოს კიდევ ერთი მცხოვრები აბდულ ქოქოლაძე გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მიერ წაღებულ მიწას დღესაც ამუშავებს და მოჰყავს ხეხილი. „რაც დავიბადე ეს ხეხილის ბაღი გვაქვს. მინდა, რომ საკუთრებაში დავირეგისტრირო, მაგრამ ვერ ვიკანონებ. სატყეომ წაგვართვა მიწები. დაწერილი მაქვს განცხადება, აზომილიც მაქვს მიწები და ვიდავებ სასამართლოში.
ხალხი ისედაც გარბის სოფლიდან და მიწის გარეშე სოფელში კიდევ უფრო რთული იქნება ცხოვრება. მიწის გარეშე, როგორ უნდა იცხოვრო სოფელში“, – ამბობს აბდულ ქოქოლძე.
დღეს, სოფელ მახოს მაცხოვრებლებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მათი განცხადებით, როცა „ქართული ოცნება“ 2012 წელს თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა, ახლა არათუ ამ მილიონებს, წლობით, სარგებლობაში არსებულ მიწებსაც კი ართმევს.
„დღეს უკვე ადამიანები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ჰექტრონით მამაპაპისეული ტერიტორია სატყეომ წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ 17 ოჯახზეა საუბარი, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ამ ადამიანებმა განცხადებებითაც მიმართეს მერიას, საკრებულოს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ამ ამბავში არაფერია რაციონალური, მოხდა ამ მიწების შემოსაზღვრა და ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მხრივ, რომ მოსახლეობას დაეხმაროს სახელმწიფო. სოფელი რომ პრიორიტეტი იყოს მათთვის, ასე არ მოიქცეოდა სახელმწიფო“-ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია.
იხილეთ ვიდეო:






