ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და ცრუმოწმეა, სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო კომპანია M2-ის დაცვის უფროსად დანიშნეს.
გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს, მალევე კი ამ თანამდებობიდანაც გაუშვეს.
ბოლო წლებში მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გრიგოლ ბესელია უძრავ ქონებას არ ფლობს. მას არც სახლი აქვს, არც ბინა და არც მანქანა. სამაგიეროდ, თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ ტაბახმელაში, პრესტიჟულ უბანში, სახლი აიშენა გრიგოლ ბესელიას დედამ, დალი წეროძემ.
სწორედ ამ სახლის აივანზე გადაიღო ის დღეს, 25 ივლისს „ტვ პირველმა“.
დალი წეროძე საკუთრებაში ფლობს მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დალი წეროძეს ეკუთვნის 530 კვ.მეტრი, გიორგი წეროძეს კი 670 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ორივე ნაკვეთზე ახალაშენებული სახლი დგას. თითოეული სახლის ფართობი 260 კვ.მეტრზე მეტია. ეს ნაკვეთი 2012 წელს ეკუთვნოდა კომპანიას, რომელიც კვიპროსშია დარეგისტრირებული.
გრიგოლ ბესელიამ დეკლარაციაში ცოლი არ ჩაწერა. დეკლარაციის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანს „სულ არაფერი არა აქვს“, არც სახლი, არც მანქანა.
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი [წინა დეკლარაციები არ იძებნება] ბესელიას თიბისი ბანკის ვალი ჰქონდა, 65 000 დოლარის იპოთეკური სესხი 2021 წელს აუღია და 2036 წლის ჩათვლით უნდა გადაეხადა. 2023 წელს გასავალში 63 212 13 USD მიუთითა.
მამა – ავთანდილ ბესელია ფლობს 3994 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ეს ნაკვეთი მან 2023 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაირეგისტრირა. ამ ნაკვეთთან ახლოს ის ფლობს კიდევ ორ ნაკვეთს, ერთი 659 კვ.მეტრია და ამ ნაკვეთზევეა განთავსებული ორსართულიანი სახლი, მეორე ნაკვეთი კი სახლისა და ეზოს მომიჯნავედ 2377 კვ.მეტრია.
ავთანდილ ბესელია ფლობს ასევე ბინას თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე [91 კვ.მეტრი].
გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. ის თავდაპირველად ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2009 წლიდან კი, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, თუმცა ერთ წელში ის ისევ თბილისში დაბრუნდა. 2014 წლიდან გრიგოლ ბესელია თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 2022 წლიდან კი აჭარის პოლიციის უფროსი იყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გრიგოლ ბესელია ფლობდა ბინას თბილისში 118 კვ.მ-ს, ჭავჭავაძის გამზირზე, ახლა ეს ბინა მისი ყოფილი ცოლის, თამარ დოლიძის სახელზეა გადაფორმებული, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ბინა ბესელიას 2016 წელს უყიდია.
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებასა და ცემას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი, უწყვეტი ვიდეოკადრები.
გრიგოლ ბესელიას ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი მას არ დაუკავებია.
გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა“, – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
___
რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან