სიახლეები

სამახსოვრო ფოტო ბათუმში

09.07.2014 • 3454
სამახსოვრო ფოტო ბათუმში

„ბათუმელები“ სამი დღის მანძილზე, ქალაქის სხვადასხვა, ხალხმრავალ ადგილებში ნახევარ-ნახევარი საათის განმავლობაში აკვირდებოდა, სად იღებენ ყველაზე ხშირად ფოტოებს ქალაქში ჩამოსული ტურისტები.

„ალი და ნინო“; ბამბუკების ხეივანი ბათუმის ბულვარში; ერას მოედანი; ბულვარში მდებარე ქანდაკება გულით ხელში; ნეპტუნის შადრევანი დრამატულ თეატრთან; პიაცას მოედანი; შადრევანი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში; ბულვარის კოლონადები; ახალი ბულვარის მოცეკვავე შადრევანი და „როტაცია” იუსტიციის სახლთან.

ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ტურისტები იღებენ ფოტოებს, ბულვარის შადრევანი აღმოჩნდა. ნახევარი საათის განმავლობაში აქ 43-მა ადამიანმა გადაიღო ფოტო. ბორა ქურალი ერთ-ერთი მათგანია:

„ჩვენ თურქეთიდან ვართ. აქ ბევრჯერ ვყოფილვარ. მომწონს ბათუმი, აქ იმიტომ გადავწყვიტეთ ფოტოების გადაღება, რომ  ყველა ეს ხედი ძალიან ლამაზია, განათება… სხვა ადგილებშიც გადავიღეთ ფოტოები. ანდრომედასთან, პარკში, აკვარიუმთან“, – აღნიშნა მან.

„სურათების გადაღება გვირჩევნია ძველ შენობებთან. ძალიან მომეწონა შადრევანი, აი, ძველებურ სტილში, ველოსიპედზე რომ ზის ქალი… მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე ბულვარში იმაზე გემოვნებიანი ადგილი არ არის. ახალია როგორც ჩანს, იმიტომ, რომ აქამდე არ მინახავს. ადრე, არ დაგიმალავთ, ძალიან მიყვარდა სურათების გადაღება თეთრი ქანდაკება რომ იყო მარმარილოს, იმასთან. პლაჟზეც მაქვს ფოტოები  გადაღებული… ფოტოგრაფთანაც ვიღებდით და პრიმიტიული ფოტოაპარატებიც იყო მაშინ. „პალიანკაზე“ გვიყვარდა, იქ რაღაც ვარდისფერი ხე-მცენარეები იყო და ლამაზად ყვაოდა. ბამბუკებიც ძალიან პოპულარული ადგილი იყო“, – ამბობს ასმათ არველაძე.

ერას მოედანზე ნახევარი საათის მანძილზე 36-მა ადამიანმა გადაიღო ფოტო. თაკო სულთანიშვილი და ლევან ფალავანდიშვილი მედეას ძეგლთან სხედან და გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებენ.

„ჩვენ თბილისიდან ჩამოვედით. 8 დღეა რაც აქ ვართ, ოღონდ, უამინდობის გამო ახლა გამოვედით გარეთ. წინა წელს აქ იყო როკ-ფესტივალი, რომელიც ჩაიშალა, მაგრამ კაი დრო ვატარეთ და კარგი მოგონებები გვაქვს, თორემ მედეა არაფერ შუაშია“, – ამბობენ ისინი.

ერას მოედანს ერთი ფოტოთი ჩამორჩება „ალი და ნინო“, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი ახალი ბულვარის მოცეკვავე (33 ფოტო) და ნეპტუნის (32 ფოტო) შადრევნები გავიდა.

ნეპტუნის შადრევანი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ბათუმის მაცხოვრებლებისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო.

„ეს ადგილი იმიტომ ავირჩიე ფოტოების გადასაღებად, რომ აქ ვმშვიდდები, სასიამოვნოა აქ ყოფნა. ახლა ყველაფერი შეცვლილია ბათუმში და ვათვალიერებთ, სადაც ლამაზი ადგილებია, იქ ვიღებთ ფოტოებს. ადრეც, ძირითადად აქ ვიღებდით, აი, აქ ილია ჭავჭავაძის ძეგლი იდგა, ბულვარის შესასვლელში – ფანტანებთან, კინო „თბილისთან“, რომელიც ახლა აღარ არსებობს“, – ამბობს ბათუმელი ლალი პაიჭაძე.

რამდენიმე წლის წინანდელი ბათუმის ფოტოებს თუ გადავათვალიერებთ, ხშირად შეხვდებით კოლონადებთან მდგარი, მომღიმარე ადამიანების სახეებს. ახლა კი ბათუმის ღირსშესანიშნაობების ათეულიდან ბულვარის კოლონადა მერვე ადგილზე გავიდა.

ანა ევფხვაძე ერთ-ერთია იმ შვიდი ადამიანიდან, ვინც ბულვარის კოლონადასთან გადაიღო ფოტო: „დღეს ჩამოვედი ბათუმში თბილისიდან. აქ იმიტომ გადავწყვიტეთ ფოტოს გადაღება, რომ ლამაზია, ნათელი ფერებია და ზაგარი კიდევ უფრო ჩანს. დღეს ფანტანებთან გადავიღეთ, პიაცაზე და ზღვაზე. ერას მოედანზე გვინდა მისვლა, ფანტანი აღარაა ხომ იქ? ეგ იყო ლამაზი ადგილი“, – ამბობს ანა.

ათეულს ბულვარის ცნობილი ბამბუკების ხეივანი ასრულებს, ნახევარი საათის მანძილზე აქ მხოლოდ სამმა ადამიანმა გადაიღო ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: